ატომური ენერგეტიკის ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ავარია 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ჩერნობილის კატასტროფის საარქივო სურათები.
კატასტროფა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ატომურ ენერგეტიკაში ყველაზე დიდი ავარია იყო: მთლიანად განადგურდა რეაქტორის აქტიური ზონა, ნაწილობრივ დაინგრა ენერგობლოკის შენობა, გარემო დაბინძურდა რადიაქტიური ნივთიერებებით.
ჩერნობილის ატომური სადგური იმ დროისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო. ეს იყო სამხედრო-სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საბჭოთა არმიის სქემაში შედიოდა. 25 აპრილს მეოთხე ბლოკზე დაიწყო გეგმიური სამუშაოებისთვის მზადება, რაც ატომურ სადგურებზე გენერატორის მაჩვენებლების შესაცვლელად რეაქტორის გამორთვის წინ ტარდება. რეაქტორის უსაფრთხოდ გამორთვა ვერ მოხერხდა. 01:23 საათზე ენერგობლოკზე მოხდა აფეთქება და გაჩნდა ხანძარი.
ატომური რეაქტორის მუშაობის შეფერხება სხვადასხვა მიზეზებმა გამოიწვია. გარდა იმისა, რომ რეაქტორი არ იყო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი, ავტომატური მართვისა და კონტროლის დონე ძალიან დაბალი იყო. იმ ღამეს იმართებოდა ტურბოგენერატორის ინერციული ბრუნვის გაზომვა. საწვავის გადახურება რეაქტორის აქტიური ზონის განადგურების მიზეზად იქცა.
ოფიციალური მონაცემებით, ჩერნობილის კატასტროფას დაახლოებით 600 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოფიციალური დოკუმენტებით, ავარიის მსხვერპლები რამდენიმე კატეგორიად დაიყო. ყველაზე დიდი ჯგუფი შედგება 200-240 ათასი ადამიანისგან, რომლებიც იყვნენ მაშველები, ჯარისკაცები, მეხანძრეები და მილიციელები, რომლებიც მავნე ნივთიერებების გამწმენდ სამუშაოებს ატარებდნენ. შემდეგი ჯგუფი 116 ათასი ადამიანისგან შედგება, რომლებიც ჩერნობილის მახლობლად ცხოვრობდნენ. კიდევ 220 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიებიდან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დაბინძურებულ ტერიტორიებზე დღემდე ცხოვრობს დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი. ჩერნობილის კატასტროფის შედეგად ჯამში 10 მილიონამდე ადამიანი მიიჩნევა დაზარალებულად.