თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის წინ 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება.
მიტინგზე მოძრაობა „საქართველოსთვის“ რამდენიმე ათეული აქტივისტია შეკრებილი. მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია მთავრობას ეხმარება „მოღალატეობრივი კანონის“ მიღებაში.
ახლა ოპოზიცია ეხმარება ხელისუფლებას „გააპრავოს“ ლეგიტიმაცია თავისი დანაშაულის - გავრილოვის ღამის და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციის. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამნისტია შეეხება ყველა დაკავებასა და დანაშაულს. ეს პრინციპულად დაუშვებელია. არავის არ უნდა შერჩეს კოლაბორაცია, და მეორე - არავის არ უნდა შერჩეს სადამსჯელო ოპერაცია თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, - განუცხადა „რუსთავი2“-ს ერთ-ერთმა აქტივისტმა.
აქტივისტები აქციების გამართვას მომდევნო დღეებშიც აანონსებენ.
ამნისტიის შესახებ კანონი შეეხება ყველას, ვის წინააღმდეგადაც იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მათ რიცხვში ნიკა მელიაც შედის.
„პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას.
დოკუმენტში, რომელსაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ და ექვსი თვის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ 19 აპრილს მოაწერეს ხელი, აღნიშნულია, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში უნდა მოხდეს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს.
გიორგი რურუა 27 აპრილს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდება, ხოლო ნიკა მელია - ამნისტიის კანონის საფუძველზე, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში მიიღებს.
თავად მელია, რომლისგანაც პროკურატურა გირაოს გადახდას მოითხოვს, ისევე, როგორც მისი თანაპარტიელები, კატეგორიულად ეწინააღმდეგება გირაოს გადახდასაც და ამნისტიასაც. ბოლო დღეებში ოპოზიცია მელიას გათავისუფლების სხვა გზებსაც ეძებდა და შესაძლოა ის ამნისტიის გარეშეც გათავისუფლდეს. ევროპარლამენტის დეპუტატები მის თავდებობაზე მსჯელობენ. თავად მელია თანახმაა ევროპარლამენტის დეპუტატების თავდებობით გათავისუფლდეს.
ოპოზიცია პარლამენტში 27 აპრილს უნდა შევიდეს.