ამნისტიის კანონს პარლამენტი დაყოვნების გარეშე მიიღებს – დეტალები

© Sputnik / STRINGERნიკა მელია სასამართლოზე
ნიკა მელია სასამართლოზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი პუნქტია იმ შეთანხმების, რომელიც შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც დაყოვნების გარეშე მოხდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში უნდა მოხდეს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების სავარაუდო თარიღს ასახელებს

თალაკვაძის განცხადებით, კანონპროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც კი მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს.

„ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში. „ქართულ ოცნებას“ არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია და მოლაპარაკების პროცესშიც შეთანხმების ამ პუნქტის ჩამოყალიბებაში რაიმე დამატებითი პირობა არ შეუტანია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების გამო სისხლის სამართლის საქმეები რამდენიმე პირის მიმართ აღიძრა. ბრალდებულებს შორის არიან როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები, ისე პოლიციელები. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთია პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება და მეორე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა და ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები. 20-21 ღამეს აქციის დაშლის შედეგად დაახლოებით 240 ადამიანი დაშავდა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, მათი სურვილია – 20 ივნისის საქმეებზე პოლიციელთა მიმართ ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით.

შავგულიძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, მმართველი პარტია ამაზე თანახმა იქნება თუ არა.

„ეს შეეხება სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან სამ თუ ოთხ პოლიციელს, რომელთაც 333-ე მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება. თუ „ქართული ოცნება“ არ იქნება თანახმა, მაშინ ამის გარეშე მოგვიწევს ამ ამნისტიის მიღება, ვინაიდან ეს გათვალისწინებულია ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების ერთადერთ ვარიანტად“, – განაცხადა შავგულიძემ.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიაზე: ამნისტია ერთგვარი პატიების ჟესტია

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის გამოცხადება პოლიციელებს მართლმსაჯულებისგან გაქცევის საშუალებას არ მისცემს.

„მედიატორთან საუბრისას ხაზი გაესვა იმას, რომ შეიძლება ვიგულისხმოთ ის სამი პოლიციელიც. მეტი საქმე აღძრული არ არის ამ ხელისუფლების პირობებში და არც ველი, რომ ის მძიმე დანაშაულები, რომელიც ჩვენს თავზე გამოვცადეთ, გამოძიებული იქნება. ამნისტია არ მისცემს ამ ადამიანებს საშუალებას, რომ მართლმსაჯულებას გაექცნენ“, – განაცხადა სამნიძემ.

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული. დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა" – მისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერის პირობა პოლიტპატიმრების – ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის გიორგი რურუას და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებაა.

რურუას შემთხვევაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 27 აპრილს ხელს მოაწერს შეწყალების აქტს, ხოლო მელიასთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულადაა. თავად მელია, რომლისგანაც პროკურატურა გირაოს გადახდას მოითხოვს, ისევე, როგორც მისი თანაპარტიელები, კატეგორიულად ეწინააღმდეგება გირაოს გადახდასაც და ამნისტიასაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ნინო ლომჯარია: ამნისტიის შემთხვევაში მელია ციხიდან გამოსვლაზე უარს ვერ იტყვის

რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება მელიას, იგი პარტიის ცენტრალურ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0