თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის ეპოქაში დაბრუნდა, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.
მისი თქმით, სანქციები და ორ ქვეყანას შორის კონფლიქტური წინააღმდეგობა მსოფლიოში „პერმანენტულ დესტაბილიზაციას“ იწვევს.
„ბოლო წლებში რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები მეტოქეობიდან ფაქტობრივად კონფრონტაციაში გადაიზარდა, არსებითად, ცივი ომის ეპოქას დაუბრუნდა. სასანქციო ზეწოლა, მუქარები, კონფლიქტური წინააღმდეგობა, ეგოისტური ინტერესების დაცვა — ეს ყველაფერი მსოფლიოს პერმანენტულ დესტაბილიზაციაში აგდებს“, — აღნიშნა მედვედევმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმა გაიხსენა 1962 წლის კარიბის კრიზისი და აღნიშნა, რომ მაშინ ვითარება ორივე ქვეყნის, შეერთებული შტატებისა და სსრკ-ის ლიდერებმა „კომპრომისის სიბრძნის“ აღიარებით იხსნეს.
მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში გამწვავების ახალი ტალღა 15 აპრილს დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები გამოუცხადა რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს. გარდა ამისა, დამატებითი სექტორალური სანქციები დაწესდა ფედერალური სესხის რუსულ ობლიგაციებზე.
ამასთან ერთად ვაშინგტონმა იმავე დღეს მიიღო აშშ-ში რუსეთის საელჩოდან ათი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება. როგორც ჯო ბაიდენის ბრძანებულებაში იყო ნათქვამი, დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა შორის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც იყვნენ.