თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის შესახებ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელის განხილვა გადადო.
საქმის განხილვა კორძაიას განცხადების საფუძველზე გადაიდო.
„რამდენადაც ეს არის პირველი შუამდგომლობა ქალბატონ თამარ კორძაიას მიერ სხდომის გადადების თაობაზე, იგი დაკმაყოფილდება და პროცესი სამივე მოსარჩელის მიმართ ჩატარდება მაისის თვეში“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
დეპუტატები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომლის თანახმად, პირადი განცხადებით მიმართვის მიუხედავად, მათ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე უარი ეთქვათ.
მათი აზრით, კონსტიტუციის ტექსტში ზუსტად განსაზღვრულია სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიზეზები და ნებისმიერი სხვა აქტი მას ეწინააღმდეგება. კერძოდ, მათი მტკიცებით, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ დეპუტატს სუბიექტური ან ობიექტური მიზეზებით უფლება აქვს დატოვოს პარლამენტი, რათა ხელი არ შეუშალოს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პარლამენტში უმრავლესობითაა წარმოდგენილი, 2 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება – არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.
როგორც მაშინ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამით მმართველმა პარტიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს „დაფიქრების“ და ამომრჩევლის დაკვეთის შესრულების შანსი მისცა.
ოპოზიციამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის ჯაფარიძემ, ხელი მოაწერა კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო საქმიანობას 27 აპრილიდან შეუდგება.