თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელისუფლებასთან კომპრომისულ შეთანხმებას, პარლამენტში 27 აპრილს შევლენ, რათა დაარეგისტრირონ ამნისტიის შესახებ კანონი, განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი პუნქტი გახდა იმ შეთანხმების, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. დოკუმენტს მხარეებმა ხელი ორშაბათს, 19 აპრილს მოაწერეს.
ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელ გიორგი რურუას.
„შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმების შესრულების პირველი დღე სამშაბათი იქნება, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში შევა, რათა დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი. ამავე დღეს პრეზიდენტის მხრიდან გიორგი რურუას შეწყალების აქტი განხორციელდება. ამის შემდეგ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მივიღებთ ამნისტიის შესახებ კანონს“, – განაცხადა სამადაშვილმა ჟურნალისტებთან.
შესაბამისად, თუ მანამდე მელიას გათავისუფლება სხვა გზით ვერ მოხდება, იგი ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად გათავისუფლდება, აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში უნდა მოხდეს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს.
„ჩვენ ამნისტიის შესახებ კანონის განხილვას ვიწყებთ. ამნისტია შეეხება ყველა იმ მუხლს, რომლითაც პასუხისგებაში არიან მიცემული ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულზე“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერაზე და ბოიკოტის რეჟიმში რჩება იმ დრომდე, ვიდრე მელია და რურუა არ გათავისუფლდებიან.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რურუას შეწყალების აქტს 27 აპრილს მოაწერს ხელს. რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება მელიას, იგი პარტიის ცენტრალურ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.