„გირჩი“ პარლამენტში მიდის: პარტია დეპუტატის მოვალეობებს სანახევროდ განახორციელებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
როგორც „გირჩში“ აცხადებენ, ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ საკანონმდებლო საქმიანობაში, თუმცა, ისარგებლებენ საქართველოს პარლამენტის წევრის პრივილეგიებით.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 13:00 საათისთვის გეგმავენ მისვლას. 

პარტია „გირჩის“ დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
რა შემთხვევაში მოაწერს „გირჩი“ ხელს დანიელსონის დოკუმენტს

გასულ კვირაში „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რამდენიმე დღით ადრე კი შვიდი მოთხოვნა წამოაყენა და მათგან თუნდაც ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადყოფნა გამოთქვა, შევიდეს საქართველოს პარლამენტში. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინარული გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრულ ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

როგორც პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და უბრალოდ დეპუტატების გაცნობას გეგმავენ.

ამასთან ერთად, პარტიის განმარტებით, ისინი არ გეგმავენ ხელფასის და არც პარტიული დაფინანსების მიღებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო სესიებისა და საკომიტეტო სხდომების მუშაობაში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

„თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას და პარლამენტის შენობას, რათა პარლამენტის ტრიბუნიდან სიმართლე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

პარტია „გირჩის“ ამ განაყოფს, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

ამჟამად პარლამენტში ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“ – ჯამში ექვსი დეპუტატი. დანარჩენი პარტიები უარს აცხადებენ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობაზე და არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0