თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. თუ დადასტურდა, რომ დანიელსონის დოკუმენტზეა საუბარი და მას ემატება რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ხელის არმოწერისთვის არგუმენტი არ რჩება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საჯაროდ აწერს ხელს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 30 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს. თავის მხრივ, ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გააჟღერა, რომ ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ პოლიტიკურ პატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზეც შედგება შეთანხმება.
„არ ვიცით, ჯერ რას აწერს „ქართული ოცნება“ ხელს, ბევრი ვერსია იყო, რაც გასაჯაროვდა. თუ ამას აწერს და ამატებს პუნქტს, შეუძლებელია, უარი თქვა“, — განაცხადა მეგრელიშვილმა.
როგორც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მმართველი პარტია ცალმხრივად მოაწერს ხელს დოკუმენტს და ხაზი გაუსვა, რომ მასში შეტანილი პირობები ოპოზიციის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ შესრულდება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.
ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად თბილისს მარტის ბოლოს მეორედ ეწვია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. თუმცა მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს და მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
დოკუმენტი, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
- მომავალი არჩევნები.
საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს. დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.