„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
აღათოპოდი დიაკონი, და თეოდულე მკითხველი
საეკლესიო კალენდარში 18 აპრილი მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონისა, თეოდულე წიგნისმკითხველისა და მათთანათა (+303) ხსენების დღეა.
აღათოპოდი დიაკონი და თეოდულე მკითხველი თესალონიკში ცხოვრობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანესა (284-305) და მაქსიმიანეს (284-305) დროს. წმიდა დიაკონი აღათოპოდი ღრმად მოხუცი იყო, წმიდა თეოდულე მკითხველი კი - ახალგაზრდა. ისინი ღვთივსათნო ცხოვრებით და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ.
ერთხელ წმიდა თეოდულემ ძილში იხილა, რომ სპეტაკი სამოსლით შემოსილმა უცნობმა რაღაც ნივთი გადასცა. როცა გამოიღვიძა, ხელში ჯვრის გამოსახულებიანი ბეჭედი ეჭირა. თეოდულე მიხვდა, რომ ეს იყო ნიშანი მომავალი წამებისა. ბეჭედზე გამოსახული ჯვრის ძალით მან მრავალი ავადმყოფი განკურნა და წარმართებიც მოაქცია.
როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ (303), ბევრი მორწმუნე დაიმალა, მაგრამ წმიდა აღათოპოდი და თეოდულე უშიშრად აგრძელდებდნენ ქადაგებას.
თესალონიკის მმართველმა ფაუსტინმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ქრისტიანები. ის გააკვირვა წმიდა თეოდულეს სილამაზემ და დაკანონებული მსხვერპლშეწირვის შესრულება ურჩია. თეოდულემ უპასუხა, რომ დიდი ხანია თავი დაანება უსჯულო ცხოვრებას და ეცოდება ფაუსტინი, რომელიც მარადიულ სიკვდილს უმზადებს სულს. მმართველმა მოწამეს არჩევანი შესთავაზა: მშვიდი სიცოცხლე, ან სიკვდილი. წმიდანმა უპასუხა, რომ ირჩევს მარადიულ სიცოცხლეს და წარმავალი სიკვდილის არ ეშინია. როცა ფაუსტინმა თეოდულეს სიმტკიცე დაინახა, გადაწყვიტა, წმიდა აღათოპოდი მოედრიკა და უთხრა, ახალგაზრდა თეოდულემ კერპებს მსხვერპლი შესწირაო, მაგრამ წმიდა დიაკონმა არ დაიჯერა.
მმართველმა მოწამეების საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა. ციხეში მოწამეები ისე ლოცულობდნენ და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, რომ მრავალი პატიმარი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ციხის უფროსმა ევტინიმ ქრისტიანები მმართველთან დაასმინა.
ფაუსტინმა კვლავ უხმო სამსჯავროზე წმიდა მოწამეებს. თეოდულეს თვალწინ ყოფილი ქრისტიანები აიძულეს მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. „უძლურებზე გაიმარჯვეთ, ქრისტეს ერთგულ მხედრებს კი ვერაფერს დააკლებთ!“ - უთხრა წმიდანმა მმართველს.
მმართველის ბრძანებით ქრისტეს მხნე აღმსარებელი დასასჯელად გაიყვანეს. ჯალათმა მახვილი იშიშვლა. მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
დილით ფაუსტინმა უკანასკნელად შესთავაზა მოწამეებს წარმართობაზე მოქცევა, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღო. მაშინ მმართველის ბრძანებით წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ზღვაში ჩაყარეს (+303).
ზღვამ ნაპირზე გამორიყა წმიდანთა სხეულები სპეტაკი სამოსლებით, ქვებისა და თოკების გარეშე. ქრისტიანებმა წმიდა ნაწილები პატივით დაფლეს.
პუპლიოს ეგვიპტელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 18 თებერვალს ღირსი პუპლიოს ეგვიპტელის (IV) ხსენების დღეა.
პუპლიოსი მოღვაწეობდა ეგვიპტის უდაბნოში იმპერატორ იულიანე განდგომილის დროს. სპარსელებზე გალაშქრების წინ იმპერატორმა გრძნეული გაგზავნა გზის დასაზვერად. ღირსმა პუპლიოსმა სული წმიდის მადლით გაიგო იმპერატორის განზრახვა და ლოცვად დადგა. იმპერიაში ცნობილი ჯადოქარი ათი დღის განმავლობაში ელოდა, როდის დაასრულებდა ღირსი მამა ლოცვას, ბოლოს კი იმპერატორთან მივიდა და აუწყა თავისი დამარცხება. გამძვინვარებულმა იულიანემ ფიცი დადო, რომ დაბრუნებისთანავე შურს იძიებდა წმიდანზე, მაგრამ ფიცის შესრულება ვერ შეძლო, რადგან მალე დაიღუპა. იულიანეს ერთ-ერთმა მხედართმთავარმა მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, წმიდა პუპლიოსთან წავიდა და ბერად აღიკვეცა.
ფეონა, სვიმეონი და ფორბინე
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 2019 წლის 18 აპრილი ღირსი ფეონას, სვიმეონისა და ფორბინეს (IV) ხსენების დღეა.
ფეონას, სვიმეონისა და ფორბინეს შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, მათი სახელები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა. ცნობილია, რომ ისინი IV საუკუნეში მოღვაწეობდნენ და თავიანთი წმიდა ცხოვრებით საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდრეს. წმიდა ეკლესია სათუთად ინახავს მათ ხსოვნას და ყოველი წლის 5 აპრილს იხსენიებს და ითხოვს მათგან შეწევნასა და მეოხებას.
მარკოზ ათენელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 18 აპრილი ღირსი მარკოზ ათინელის (+400) ხსენების დღეა.
მარკოზ ათინელი (+400) დაიბადა ათენში. თავისი ცხოვრება მან მოუთხრო აბბა სერაპიონს, რომელმაც ღვთის ნებით სიკვდილის წინ მოინახულა.
ბავშვობაში მარკოზი ფილოსოფიას სწავლობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში წავიდა და დასახლდა თრაკიის მთის გამოქვაბულში. ღირსი მამა 95 წელი ცხოვრობდა დაყუდებულად და ამ ხნის განმავლობაში არამცთუ ადამიანები, ფრინველები და ცხოველებიც არ უნახავს. მოღვაწეობის პირველი ოცდაათი წელი ყველაზე მძიმე იყო ღირსი მარკოზისთვის. მისი საზრდელი იყო უდაბნოს მცენარეები და ზღვის მლაშე წყალი. არაწმიდა სულები დევნიდნენ ღირს მამას და უყვიროდნენ: „განვედ ჩვენი მიწისაგან! ქვეყნიერების დასაბამიდან ადამის ძეს აქ ფეხი არ დაუდგამს, შენ როგორ გაბედე მოსვლა?“
ოცდაათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მეუდაბნოეზე სულიწმიდის მადლი გადმოვიდა. ანგელოზებს საკვები მოჰქონდათ მასთან, სხეული თმებით შეემოსა, რაც ყინვისა და სიცხისგან იცავდა. „მე ვიხილე სამოთხე და ილია და ენოქ წინასწარმეტყველნი, რაც ვითხოვე, ყოველივე მაჩვენა უფალმა“, - უთხრა ღირსმა მამამ ბერ სერაპიონს. ღირსმა მარკოზმა სერაპიონს ჰკითხა, - თუ არიან ქვეყნად ისეთი წმიდანები, სასწაულთმოქმედნი, რომელთა შესახებაც უფალი ამბობს: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგვისაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (მთ. 17,20). როგორც კი წმიდანმა ეს სიტყვები წარმოთქვა, მთა იძრა და 5000 წყრთით გადაიწია ზღვისკენ. როდესაც ღირსმა მარკოზმა ეს დაინახა, მთას მიმართა: „მე არ მიბრძანებია შენთვის ადგილიდან დაძვრა, დაბრუნდი!“ მთა მართლაც დაბრუნდა ძველ ადგილას. აბბა სერაპიონი პირქვე დაემხო. ღირსმა მარკოზმა სერაპიონი წამოაყენა და ჰკითხა: „ნუთუ ასეთი სასწაულები არასოდეს გიხილავს?“ - „არა, მამაო“, - უპასუხა სერაპიონმა. ღირსმა მარკოზმა მწარედ ამოიგმინა: „ჰოი, უბედურო დედამიწავ, აღარ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები!“
ამის შემდეგ ღირსმა მარკოზმა აბბა სერაპიონი ტრაპეზზე დაპატიჟა. საჭმელი ანგელოზმა მოიტანა. სერაპიონმა თქვა, ამაზე ტკბილი საჭმელი არასოდეს მიგემიაო. „ძმაო სერაპიონ, - მიუგო ღირსმა მარკოზმა, - ყოველდღე უფალი თითო პურსა და თევზს მიგზავნის, დღეს კი ორი გამომიგზავნა, რადგან სტუმარი მყავს“.
მიცვალების წინ ღირსმა მარკოზმა უფალს შეავედრა ქრისტიანები და მთელი ქვეყანა, აბბა სერაპიონს კი სთხოვა, გამოქვაბულში დაემარხა იგი და შესასვლელი ქვებით ამოეგმინა. აბბა სერაპიონმა იხილა, თუ როგორ აღიყვანეს ცად ანგელოზებმა 130 წლის ბერის სული (+400).
პლატონ აღმსარებელი, სტუდიელი
საეკლესიო კალენდარში 18 აპრილი ღირსი პლატონ აღმსარებლის (+814) ხსენების დღეა.
პლატონი დაიბადა 735 წელს ღვთისმოსავ ქრისტიანთა, სერგისა და ეფემიას ოჯახში. ადრე დაობლებული ყმაწვილი ნათესავებმა აღზარდეს და კარგი განათლება მისცეს. სრულწლოვანებას მიღწეულმა პლატონმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მან თავიდან მემკვიდრეობით მიღებული მამულის მოვლას მიჰყო ხელი და თავისი შრომისმოყვარეობის წყალობით დიდძალი ქონება დააგროვა, შემდეგ კი ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მონები გაანთავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა.
მან ლოცვის მხურვალებით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით მთელი საძმოს სიყვარული დაიმსახურა. თავისუფალ დროს ღირსი პლატონი აღადგენდა კრებულებს წმიდა მამათა თხზულებებიდან, იწერდა ღვთისმსახურებისთვის საჭირო წიგნებს. 770 წელს გარდაიცვალა მონასტრის წინამძღვარი თეოქტიტე. ძმებმა ახალ იღუმენად ღირსი პლატონი აირჩიეს, თუმცა ის მხოლოდ 35 წლის იყო. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონომის (775) სიკვდილის შემდეგ წმიდანი კონსტანტინეპოლში ჩავიდა. მან უარი განაცხადა შემოთავაზებული ნიკომიდიის სამიტროპოლიტოს მართვაზე და ძმისშვილებთან, წმიდა თეოდორესთან (+826, ხს. 11 ნოემბერს) და იოსებთან (+830, ხს. 26 იანვარს) ერთად სოკუდიონის უდაბნოში განმარტოვდა. მათ მთაზე ააშენეს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და დააარსეს მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი პლატონი გახდა. ღირსმა მამამ მონაწილეობა მიიღო 787 წლის ნიკეის მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, სადაც ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და დაიცვა წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონი.
ასაკში შესულმა პლატონმა მონასტრის წინამძღვრობა ღირს თეოდორეს გადასცა.
795 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VI (780-797) თავისი მეუღლე, მარიამი, აიძულა მონაზვნად აღკვეცილიყო, თვითონ კი გადაწყვიტა ჯვარი დაეწერა თავის ნათესავ თეოდოტიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ წმიდა პატრიარქმა ტარასიმ დაგმო ეს ქორწინება, კონსტანტინეპოლის ერთ-ერთმა ცნობილმა მღვდელმა იოსებმა დაარღვია ტარასის ბრძანება და ჯვარი დასწერა იმპერატორს.
ეს რომ ღირსმა პლატონმა და თეოდორემ გაიგეს, ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს იმპერატორი და ამის შესახებ ეპისტოლეები გაუგზავნეს ყველა მონასტერს. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა პლატონი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ღირსი თეოდორე კი თესალონიკში გადაესახლებინათ. ნეტარი მამები მხოლოდ იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, 797 წელს განთავისუფლდნენ. ღირსი თეოდორე კონსტანტინეპოლში გადავიდა და სტუდიონის მონასტრის იღუმენი გახდა, ღირსი პლატონი კი იმავე მონასტერში ცხოვრობდა უბრალო ბერად, თავისი ძმისწულის მორჩილებაში.
როდესაც ახალმა იმპერატორმა ნიკიფორემ (802-811) ეკლესიაში თვითნებურად დააბრუნა განკვეთილი ღვთისმსახური იოსები, ღირსმა პლატონმა და თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილეს მისი უკანონო ქმედება. ამისთვის ღირსი მამები ისევ დასაჯეს. ოთხი წლის პატიმრობისა და იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, 811 წელს, ისინი გაანთავისუფლეს. ღირსი პლატონი სტუდიონის მონასტერში დაბრუნდა.
მან კიდევ სამი წელი გაატარა მონასტერში და მიიცვალა შობითგან 79-ე წელს, 814 წლის 8 აპრილს, ლაზარეს შაბათს.
ღირსი თეოდორა თესალონიკელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 18 აპრილი ღირსი თეოდორა თესალონიკელის (+892) ხსენების დღეა.
თეოდორა თესალონიკელი ქრისტიანი მშობლების, ანტონის და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული თეოდორა გათხოვდა და ეყოლა ქალიშვილი. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ თავისი ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც. როდესაც მონასტრის იღუმენია გარდაიცვალა, მისი კუბოს დასვენება უნდოდათ ღირსი თეოდორას კუბოს გვერდით, ღირსმა დედამ ცოცხალივით გაიწია განზე კუბოსთან ერთად - სიკვდილის შემდეგაც მორჩილების მაგალითი აჩვენა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით