თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საკვირაო ქადაგებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მტერი ქართულ ენას ემუქრებოდა, ის ახალგაზრდებმა დაიცვეს და ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება.
„დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ, რომ როდესაც საშიშროება ელოდება ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული, ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – ბრძანა ილია მეორემ.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 40 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები შედგა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნა.
ქართული ენის დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავენ. თბილისში იმართება გამოფენები, კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები.
ქართულ ენას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში არამეული და ბერძნული დამწერლობის ზეგავლენის შედეგად გაჩნდა.
ქართველმა მეცნიერებმა დაღესტანში ნაპოვნი უძველესი ქართული ხელნაწერი გაშიფრეს >>
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან - ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან - მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.
ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები - იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.