თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. მარტში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შედეგად საქართველოს მთავრობამ 60 მილიონი ლარის სახელმწიფო ობიექტები გაყიდა, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და საქართველოს ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად ხელისუფლებამ გააფართოვა პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ და მეწარმეებს მთლიანობაში 400 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტები შესთავაზა.
სააგენტოს ინფორმაციით, გაყიდვების შედეგად დაფიქსირებული ფასი უძრავი ქონების საწყის ღირებულებას დაახლოებით 50%-ით აჭარბებს.
„ჯამში შეთავაზებული იყო 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი 40 მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აუქციონზე გაყიდულ ობიექტებს შორის კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე საბჭოთა ეპოქის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტომატოლოგიური კლინიკაა. აუქციონი მოგებულია ერთი ფსონით (2 ათასი ლარი) და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 81,7 ათასი ლარის კაპიტალის მქონე ლოტი 268 ათას ლარად გაიყიდა.
ყველაზე საინტერესო და ძვირადღირებულ ობიექტებს შორისაა თბილისის ყველაზე ექსტრავაგანტული ნაგებობა - ე.წ. მილები (საწყისი ღირებულება 71,25 მლნ ლარი), და ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფო“ (39,8 მლნ ლარი). ამ ობიექტებმა კვლავაც ვერავინ ვერ დააინტერესა.
ჩავარდა აუქციონი ასევე ყოფილი ორთაჭალის ციხის ტერიტორიის გაყიდვაზე, რომელიც 14 მილიონ ლარად იყო შეფასებული.
პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. ის ითვალისწინებს ასი პარალელური აუქციონის ჩატარებას და გამარტივებული პროცედურით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას.