თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის საქმესთან დაკავშირებულ ფაქტს გამოეხმაურა.
12 აპრილს ტელეკომპანია Rustavi 2-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი მაშინდელი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ორსულობის პერიოდშიც კი ძალადობის მსხვერპლი იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბესო ზანგური ყოფილ მეუღლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.
თეა წულუკიანმა ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული იყო საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ არ მისულა. იმედია, უარს არ აცხადებს თანამშრომლობაზე. მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, ვინაიდან ეს სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება ბესო ზანგურს, მინისტრი მიიჩნევს, რომ მსახიობმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს რუსთაველის თეატრი, რადგან ზანგურის გასათავისუფლებლად შესაბამისი ბერკეტი მას არ გააჩნია.
კულტურის მინისტრმა კომენტარი გააკეთა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც ბესო ზანგურს სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა. მინისტრის თქმით, სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება.
„ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ეს არის ადამიანი, რომელსაც, დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, ჩვენ მას ყველამ უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს. ეს არის მისი საქმე. კარგი იქნება, თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმას“, – განაცხადა წულუკიანმა.