თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. 17 აპრილიდან დედაქალაქში ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდება, რომელზეც N321 ავტობუსი იმოძრავებს, იუწყება დედაქალაქის მერია.
ავტობუსი მგზავრებს დიდი დიღმიდან მეტროს სადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოემსახურება.
მერიის ინფორმაციით, ავტობუსი იმოძრავებს წრიული მარშრუტით: დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მეექვსე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა – არჩილ მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი მინდელის ქუჩა – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – მეტროს სადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია.
ახალი ავტობუსი დიდ დიღომში გაივლის მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს კლინიკა „იმედი L”-ის მიმართულებითაც.
თბილისში N6 და N20 მარშრუტებზე ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებს >>>
N321 მარშრუტზე 15-წუთიანი ინტერვალით 12-მეტრიანი BMC მარკის ოთხი ავტობუსი იმოძრავებს.
სულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი ბოლო პერიოდში 580 ავტობუსით განახლდა. დამატებით კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ს მარკის ავტობუსი დედაქალაქში უახლოეს მომავალში შემოვა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობა 8 თებერვლიდან განაახლა.
თბილისში 8 თებერვლიდან ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე ემსახურება.