თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ კორონავირუსის ვაქცინა Pfizer-ის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი 29.500 დოზა 25 მარტს მიიღო, რომელიც 14 ათას ადამიანზეა გათვლილი. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი 30 მარტს დაიწყო. მეორე დოზით ვაქცინაცია კი 21 აპრილიდან დაიწყება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც Pfizer-ის პირველი დოზით უკვე აცრილები არიან, ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიონ შესაბამის ვებ-გვერდს ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე – 15-22.
ამასთან აუცილებელია ჯავშანი გაკეთდეს იმავე კლინიკაში, სადაც მოქალაქემ პირველი აცრა ჩაიტარა.
„აუცილებელია ჯავშანი გააკეთოთ პირველი აცრიდან 21-23 დღის შუალედში და არ ჩაეწეროთ 20-დღიანი ინტერვალის გასვლამდე. გთხოვთ შეინახოთ ჯავშნის კოდი, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში გამოგადგებათ „კოვიდ-19“-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის გასააქტიურებლად“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მაგრამ ვაქცინაციის ტემპები დაბალია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26.427 ადამიანს ჩაუტარდა.