თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის მესამე ტალღამ პრაქტიკულად მთლიანი საქართველო მოიცვა, თუმცა ყველაზე ცხელ წერტილებს თბილისი, სამეგრელო–ზემო სვანეთი და აჭარა წარმოადგენს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ზრდის დინამიკა ყველგან შეიმჩნევა, მაგრამ დამატებითი შეზღუდვების შემოღების საკითხი ჯერ არ განიხილება.
„ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე „ლოკდაუნის“ შემოღება თავიდან ავირიდოთ. ეს ძალზე რთული გამოცდა იქნება როგორც ადამიანებისთვის, ისე ეკონომიკისთვის. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს და დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების ამჟამად გამოვლენილი 18-ვე კლასტერი დიდ თავყრილობებთან არის დაკავშირებული.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა სარგებლობა მოაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში „კომენდანტის საათს“, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს. მისი თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მობილობას ამცირებს, რაც ეპიდსიტუაციაზე აისახება.
როგორც მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, თუ რესტორნები უქმეებზე იმუშავებენ და „კომენდანტის საათი“ გაუქმდება, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზა ოფიციალურად უკვე შეუკვეთა, მაგრამ როდის მიიღებს ქვეყანა აღნიშნულ პრეპარატს, ჯერჯერობით უცნობია. მისი თქმით, ივნისში საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ დოზას მიიღებს.
საქართველოში პრეპარატ AstraZeneca-თი ვაქცინაცია 15 მარტიდან, Pfizer-ით კი 30 მარტიდან დაიწყო.