თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას თავდასხმის ფაქტზე დაკავებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარიშვილისა და გიორგი სახელაშვილის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს და სასამართლოს ალტერნატივის სახით 4 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ამახვილებდა ყურადღებას.
საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს უცნობი პირები 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შედეგად ჟურნალისტმა ტვინის შერყევა და სხეულის დაზიანება მიიღო.
ჟურნალისტი თავდასხმის ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს, რასაც პროკურატურაშიც ადასტურებენ. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვახო სანაიას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაესხნენ თავს.
სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 26 თებერვალს შეუფარდა.
დაკავებულებს ბრალდება სსკ–ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.