პროფესიით პედაგოგი, უკვე ოცი წელია, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობს. წლების წინ თბილისელ ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. ამერიკაში ჩასულმა, 50 წლის ასაკში მაგისტრატურა Master in Special Education and Psychology დაამთავრა. დღეს ნიუ-იორკის სპეციალურ სკოლაში ცერებრალური დამბლისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მუშაობს.
მთელ მის ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, თბილისური მოგონებების სინათლე და ქართული სიმღერის მადლი გასდევს ფონად...
- ქალბატონო მარიკა, დასაწყისში გაიხსენეთ თქვენი თბილისური ბავშვობა და თქვენს ოჯახზე მოგვიყევით...
- დავიბადე ზაფხულის ცხელ დღეს თბილისის გულში, ხარფუხში. სიბერის შვილი ვიყავი და მშობლები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. გარდა ამისა, ორი უფროსი ძმის და ვიყავი, რომლებიც უსაზღვროდ მანებივრენდნენ. დედა - თამარი, თბილი, გამრჯე და ფუსფუსა ქალი იყო, მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. მისი მამა - ივანე, მოჭიდავე, ბრგე ვაჟკაცი, 27 წლის ასაკში მაშინ გარდაიცვალა, როცა მიეხმარა კაცს, რომელსაც დენმა დაარტყა. დარჩა სამი ობოლი ბავშვი: დედა, დეიდა ეთერი და ბიძა ირაკლი, რომელსაც გულის პრობლემა ჰქონდა და 21 წლის გარდაიცვალა. ამის მერე დედას დააწვა კისერზე პატარა დის მოვლა, იმიტომ რომ ბებიაც ავადმყოფობდა. თანაც იძულებული გახდა, მიეტოვებინა სამედიცინო ინსტიტუტი, სადაც სტომატოლოგი უნდა გამხდარიყო. მუშაობა დაიწყო პურის მაღაზიაში და მამას შეხვდა.
- მამაზე მოგვიყევით, მას თბილისში ბევრი იცნობდა...
- მამაჩემი, მიხეილი (მიშა) ძველი თბილისელი ყარაჩოხელი, დუდუკზე დამკვრელი იყო. ის ხაჩიკ ტალგაუკოვის დასში უკრავდა. სხვათა შორის, იეთიმ გურჯს იცნობდა და მის გასვენებაშიც კი დაუკრავს. მაშინ ყველაზე პატარა იყო, ამიტომ ზედმეტსახელად „პატარა მიშა“ შეარქვეს. დუდუკზე 12 წლიდან უკრავდა. ჩემი მხიარული, თბილი, გიჟმაჟუნა, ყველაზე გადაყოლილი საუკეთესო მამა. ყველაზე მეტად სიცოცხლისა და ადამიანების მიმართ მისი პოზიტიური დამოკიდებულება მხიბლავდა. ერთ დღეს იგი წავიდა სახლიდან და სამი დღე ვეძებდით. რვა მარტს ვიპოვეთ კარდიოლოგიური ცენტრის პროზექტურაში. თავი ცუდად რომ უგრძვნია, წასულა საავადმყოფოსკენ, მაგრამ იქვე, თავის მანქანასთან ჩაჩოქილა. ვიღაც ჯარისკაცს აუყვანია საავადმყოფოში, სადაც, თურმე, ჯერ საბუთები მოითხოვეს, კაცს კი ყურადღება არ მიაქციეს... შემდგომი დღეები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ გასვენების დღეს ვერ დავივიწყებ, როცა დილის ცხრა საათიდან იწყებოდა დამკვრელების მოსვლა. ისინი ერთმანეთს ცვლიდნენ და თავის ძმას და მეამქრეს უკანასკნელ გზაზე ალალი ცრემლით აცილებდნენ...
- როგორი იყო მაშინდელი თბილისი, რომელიც დაგამახსოვრდათ?
- მახსოვს, მაშინდელ თბილისში სახლის კარები არ იკეტებოდა. სახლი, სადაც ვცხოვრობდით, შავნაბადის ორ ნომერში, ხარფუხში იყო. ორსართულიან სახლში, რომელიც პაპაჩემს, მამის მამას 25 ათასად ოქროს ფულით ჰქონდა ნაყიდი, 12 ოჯახი ცხოვრობდა. სახლის ნასყიდობის დამადასტურებელი საბუთი „სუტგუჩის“ ბეჭდით დღესაც ინახება. ჩვენს უბანში ვინ აღარ ცხოვრობდა, მაშინდელ თბილისის ქუჩებში რა ერის წარმომადგენელი აღარ დადიოდა, ქართული ენა მათთვისაც ისეთივე ახლობელი და სათაყვანო იყო, როგორც ჩვენთვის. ასეთ თბილ გარემოში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი...
- ამბობენ, ადამიანი თავის ბავშვურ თვისებებს მთელი ცხოვრება ინარჩუნებსო, როგორი ბავშვი იყავით?
- ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი, წერა-კითხვა ოთხი წლის ასაკში იმიტომ ვისწავლე, რომ მენახა ჩემი ძმები რას კითხულობდნენ და წერდნენ. ექვსი წლის ასაკში, მოსამზადებელ კლასში რომ შევედი, სკოლაში მთელმა ოჯახმა წამიყვანა. ეს იყო 75-ე საშუალო სკოლა გორგასლის ქუჩაზე. პირველი სიყვარულიც იქ მეწვია. ის უბნელი ბიჭიც ამ სკოლას ამთავრებდა. ერთხელ მან კისერზე შემისვა და სახლში ისე მომიყვანა. სიგიჟემდე შემიყვარდა... მან კი ცოლი სკოლის დამთავრებისთანავე მოიყვანა. მახსოვს, ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია. ახლა კი იმ ბიჭის არც სახელი მახსოვს და არც სახე, მხოლოდ ჩემს მოგონებაშია...
- მომავალი საქმიანობისთვის პროფესია როგორ აირჩიეთ?
- ჩვენი სკოლა სპეციალიზებული იყო, ინგლისური ენის განხრით, ამიტომ ინგლისურის სწავლა მეორე კლასიდან დავიწყეთ. ერთი მეგობარი მყავდა სკოლაში, ის ფიზიკა-მათემატიკაში იყო ძლიერი, მე - ინგლისურში და ჰუმანიტარულ საგნებში. ისე მინდოდა, რომ ინსტიტუტშიც ერთად ვყოფილიყავით, რომ მეც დავიწყე ფიზიკა-მათემატიკაში მომზადება და საბუთები უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე შევიტანე. ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და მისაღებ გამოცდებს კარგად ვაბარებდი. მესამე გამოცდის მერე მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ციფრებთან ვერ ვიქნებოდი, ამიტომ ბოლო გამოცდაზე აღარ გავედი. მეორე წელს უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპი...
- სტუდენტობა როგორი გქონდათ და პოზიტიური მომენტები თუ იყო მასში?
- ინსტიტუტში 1985-1990 წლებში, საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი. დღისით ვმუშაობდი, მერე ინსტიტუტში მივდიოდი. იქიდან მოყოლებული ჩემი საუკეთესო მეგობრები – ლელა თოდუა, დუდუ ჯინჭარაძე, ლია ძნელაძე, ნინო ბერიშვილი, მარინა ლებანიძე დღესაც კი ერთმანეთს ყოველდღე თუ არა, ხშირად ვეხმაურებით. ინსტიტუტის დამთავრება რთულ პერიოდს დაემთხვა, მაგრამ პოზიტივს მაინც ვიღებდით. იქვე, ჭავჭავაძეზე იყო სოკოს ბარი, სადაც ხშირად ვხვდებოდით ოთარ რამიშვილს, ერთადაც გვიმღერია, რაც არასოდეს დამავიწყდება. იყო დრო, როცა გიზო ნიშნიანიძის „პაემანი ვერაზე“ ფურცელ-ფურცელ მქონდა დაკოპირებული და თითქმის ზეპირად ვიცოდი. ამიტომ ორი წლის წინ, როცა თბილისში ვიყავი რესტორანში „პაემანი ვერაზე“ ეს წიგნი იქ ვიჩუქე. მაჩუქეთ-მეთქი, ისე ძალიან ვთხოვე, რომ უარი ვერ მითხრეს...
- ამერიკაში წასვლამდე თბილისის სკოლაში ასწავლიდით...
- მამის გარდაცვალების შემდეგ დედას ფრთები მოსწყდა. მან ოთხჯერ გადაიტანა ინსულტი. მეოთხე ინსულტის მერე უკვე ჩაწვა და ორწელიწად-ნახევარი ისე ვუვლიდი, რომ არც იცოდა, ვინ ვიყავი. მაშინ სკოლაში ვასწავლიდი და დედიკოს გამო მხოლოდ ორი გაკვეთილი მქონდა დღეში. ეს ის პერიოდია, როცა არც გაზი იყო, არც შუქი. მეზობლები მეხმარებოდნენ, მათ სიკეთეს ვერასოდეს დავივიწყებ. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ერთ დილას, როცა დედა მოვაწესრიგე და კარები გამოვიხურე, სკოლაში მისვლისთანავე გამახსენდა, რომ ნავთქურა ჩართული დამრჩა. უცებ წარმოვიდგინე, როგორ ეკიდებოდა ცეცხლი დედიკოს და მეექვსე კლასის ბავშვებს ვუთხარი - ახლა რომ არ წავიდე, დედა დაიწვება-მეთქი. არადა, ეს დაუოკებელი კლასი იყო, რომლის მოსწავლეები გაკვეთილზე ძალიან ხმაურობდნენ და არასოდეს ისვენებდნენ. მეორე დღეს დირექტორმა დამიბარა და მომიყვა, თურმე, როცა დერეფანში გაიარა, იმ საკლასო ოთახთან, საიდანაც სულ ხმაური გამოდიოდა, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდაო. უფიქრია, რომ მე გარეთ მყავდა ბავშვები გაყვანილი, ამიტომ კარები შეუღია. ყველა ბავშვს თავი მკლავებზე ედო. იმ თითისტოლა ანცებმა გაიგეს და გულთან მიიტანეს ჩემი გაჭირვება. აქ, ამერიკაში ერთი ბავშვიც რომ დატოვო კლასში მარტო, ციხე თუ არა, გათავისუფლება არ აგცდება...
- ამერიკაში როდის აღმოჩნდით და როგორ შეიცვალა იქ თქვენი ცხოვრება?
- ამერიკაში ერთი ადამიანის მიზეზით მოვხვდი. მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერ წარმოვიდგენდი... ჩემმა უახლოესმა ადამიანმა ბინის გარეშე დამტოვა. ამიტომ იძულებული გავხდი, რომ 1998 წელს ჩამოვსულიყავი ამერიკაში, სადაც ჩემი მამიდაშვილი ცხოვრობს ოჯახით. იმ პერიოდში ბებიასთან ვმუშაობდი, როცა ერთ ადამიანს შევხვდი და მისგან დავფეხმძიმდი. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ისე წავიდა, უკან არც მოუხედავს. შვილი მარტომ გავზარდე. თავიდან გამიჭირდა, მერე კი სხვებსაც ვეხმარებოდი. თითქმის სამი წელი ცხოვრობდა ჩემთან და სრულიად უსასყიდლოდ მეხმარებოდა ტრიო „მაგნოლიას“ წევრი მედეა სიხარულიძე, რომელიც ადრე ინოლა გურგულიასა და გიული დარახველიძესთან ერთად მღეროდა. მედეას და ჩემს ნინოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მაშინ პიანინო მედგა სახლში და მედიკო და ნინო ერთად მღეროდნენ ხოლმე. გაანათლოს უფალმა მისი სული...
- საქართველოში თუ იყავით ჩამოსული?
- ვიყავი და მაშინდელ ერთ ამბავს მოგიყვებით: მამა უკვე 25 წლის გარდაცვლილი იყო. როცა ამერიკის საბუთები მივიღე, მომეცა იმის საშუალება, რომ თბილისში ჩავსულიყავი. მეორე დღესვე მოვძებნე მედუდუკეები და მოვურიგდი, რომ საფლავზე ნახევარი საათით მაინც ამოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, ვეღარ მიცნეს, ფულზე რომ გავურიგდი, უკან წამოსვლისას მოგვეციო. ავედით მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მაშინ მარტო ჩემი მშობლები და ახლა კი ჩემი საყვარელი პატარა ძამიკოც წევს. ათ წუთში დამკვრელებიც ამოვიდნენ. გაამზადეს დუდუკები, დოლი და საფლავთან ახლოს მოვიდნენ. როგორც კი შეხედეს მამიკოს სახეს ფოტოზე, გაოგნდნენ, როგორ, პატარა მიშას საფლავზე მოგვიყვანე და ფულს გვთავაზობდიო?! აქ ფულს როგორ ავიღებთო! არადა, ის დრო იყო, როცა ხალხს არც სამსახური და არც ფული არ ჰქონდა. დღესაც სულ ვამბობ, რომ აქამდე მამაჩემის კაცობით ვცხოვრობ-მეთქი...
- ამერიკაში მაგისტრატურა დაამთავრეთ, რამ გადაგატანინათ სირთულეები?
- დიახ, ამერიკაში 50 წლის ასაკში დავამთავრე მაგისტრატურა Master in Special Education and Psychology. უკვე ხუთი წელია, რაც აქაურ სკოლაში ცერებრალური და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ვმუშაობ. ვთვლი, რომ ეს მეტად საპასუხისმგებლო და ამავდროულად ღვთიური საქმეა. ცხოვრების სირთულეები კი გადამატანინა ჩემმა შვილმა, რომლისთვისაც დედაც ვიყავი და მამაც, ამიტომ არანაირი სისუსტის უფლება არ მქონდა. როგორც კი ნინიკო ერთი წლის გახდა, საბავშვო ბაღში სამუშაოდ წავედი. წელებზე ფეხს ვიდგამდი და ვმუშაობდი. ნინიკო შევიყვანე კერძო რუსულ სკოლაში Bambi Academy, სადაც არაჩვეულებრივი განათლება მიიღო. ის ოთხ ენაზე – ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე წერს და ლაპარაკობს. ახლა კოლეჯის სტუდენტია და ქართველი ემიგრანტების ბავშვებს ამეცადინებს. „საიდუმლოდ“ გეტყვით: ეგ რომ არის, ასეთი კარგი მასწავლებელი მე არასოდეს ვყოფილვარ. უპრობლემო, მხიარული, თბილი გოგოა, რომლის გაზრდაში ჩემს აწ განსვენებულ მამიდაშვილს ნელი გურაბანიძეს და მის მეუღლეს იოსიფ მოისეევს მიუძღვით წვლილი. მათ გაუწიეს ჩემს შვილს ბებია-ბაბუობა, როგორც თავიანთ შვილიშვილს, ისე ანებივრებდნენ.
- გავიგე, რომ ამერიკაში აქტიურად იღებთ მონაწილეობას სიმღერის კონკურსში „იმღერე რამე“...
- დიახ, ჩემი ამერიკული ვოიაჟი არ იქნებოდა სრული, რომ არაფერი ვთქვა აქ ჩატარებულ კონკურსზე „იმღერე რამე”, რომელსაც გოგიტა გოგიძე ატარებს. ბატონმა გოგიტამ ისეთი საქმე წამოიწყო, რომლის წყალობითაც აქ მყოფი ქართველი ქალები აახმაურა. სიმღერა ყოველთვის მიყვარდა, მუსიკა მთელი ცხოვრება ჩემთანაა. გიტარაზე და პიანინოზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე, რომ იტყვიან, ჩემს ჭიას ვახარებდი, მაგრამ გოგიტამ სცენაზე გამიყვანა. კონკურსის „იმღერე რამე“ უკვე ოთხი სეზონი ჩატარდა და მე ყველა მათგანში მივიღე მონაწილეობა.
- გამოდის, რომ ქართული სიმღერის წყალობით ამერიკაში მყოფი ქართველები ერთმანეთს დაუკავშირდით...
- ქართული სიმღერის და გოგიტას დამსახურებაა, რომ დღეს მე ვიცნობ ნატალია სულაშვილს, დაკო ჩიხლაძეს, მადონა ასათიანს, ნანა კეკელიძეს, ლეილა ქურციკიძეს, მილენა ბურდულს, ეკა ჩახვაშვილს, მარი მღებრიშვილს და კიდევ ბევრ არაჩვეულებრივ, ნიჭიერ ადამიანს, რომლებსაც, რომ არა ეს კონკურსი, ვერც შევხვდებოდი... ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებიც უზომოდ მიყვარს და მყავს ნინიკო, რომელიც ნამდვილი ღვთის საჩუქარია...