თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ინდოეთი გახდა მე-60 ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V". ახლა ვაქცინა დამტკიცებულია ქვეყნებში, რომელთა საერთო მოსახლეობა 3 მილიარდ ადამიანს, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ს შეადგენს, განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა (RDIF).
- „სპუტნიკ V" სამთავრობო რეგულატორების მიერ მიღებული დამტკიცებების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.
„RDIF იუწყება, რომ ინდოეთის სამკურნალო საშუალებათა გენერალურმა მაკონტროლებელმა (Drug Controller General of India, DCGI) მიიღო გადაწყვეტილება კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს რეგისტრაციის შესახებ. ინდოეთი მე-60 ქვეყანაა, სადაც დამტკიცებულია პრეპარატი. „სპუტნიკ V" არის კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინიდან ერთ-ერთი, რომელიც დამტკიცებულია ინდოეთში”, – განაცხადეს ფონდში.
ფონდში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინდოეთი არის ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე სახელმწიფო 60 ქვეყანას შორის, სადაც „სპუტნიკ V" არის რეგისტრირებული.
„ამ სახელმწიფოების მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 3 მილიარდ ადამიანს აღწევს, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ს”, – აღნიშნეს ფონდში.
რეგისტრაცია განხორციელდა დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში (emergency use authorization, EUA) რუსეთში ვაქცინის კლინიკური კვლევების შედეგების, აგრეთვე ინდოეთში III ფაზის დამატებითი კლინიკური კვლევების დადებითი მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც ტარდება Dr. Reddy's Laboratories-თან პარტნიორობით.
ინდოეთი წამყვანი საწარმოო ჰაბია რუსული ვაქცინისთვის. RDIF-მა გააფორმა ხელშეკრულებები ინდოეთის უმსხვილეს ფარმაცევტულ მწარმოებლებთან (Gland Pharma, Hetero Biopharma, Panacea Biotec, Stelis Biopharma, Virchow Biotech) წელიწადში „სპუტნიკ V"-ს 850 მილიონზე მეტი დოზის წარმოების მიზნით.