თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტები 20 ათასიდან 34 შემთხვევაში დაფიქსირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
როდის დაიწყება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია: გამყრელიძის განმარტება>>>
გამყრელიძის განცხადებით, შვიდ შემთხვევაში რეაქცია მძიმე იყო.
„ჩვენ შესაბამისი კომიტეტი გვაქვს, რომელიც იმუნიზაციის შემდგომ გართულებებისა და გვერდითი ეფექტების აღრიცხვას აწარმოებს. დადგენილია შესაბამისი ფორმა, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებები ავსებენ, თუ გვერდითი ეფექტები დაფიქსირდება. ამ დროისთვის ასეთი გვერდითი ეფექტები 34 შემთხვევაში დაფიქსირდა, მათგან შვიდი რთულად მიმდინარეობდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20.622-მა ადამიანმა გაიკეთა.
ამ დღეებში საქართველოს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 55 წლამდე ასაკის პირებზე AstraZeneca-ს ვაქცინა არ გამოიყენოს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპული მედიკამენტების სააგენტომ და ჯანმომ AstraZeneca-ს შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.
ორივე ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ AstraZeneca-სთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში, შესაძლოა, ვაქცინაციის ფონზე გამოვლინდეს. თუმცა, სპეციალისტებმა აღიარეს AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი.
ის მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის პირველი დოზა უსაფრთხოდ ჩაიტარეს, მეორე დოზის მიღებას 8–12 კვირის ინტერვალში შეძლებენ.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება. საქართველომ ასევე მიიღო ჩინური ვაქცინის ასი ათასი დოზა, მაგრამ როდის დაიწყება მისი ქვეყანაში გამოყენება ჯერჯერობით უცნობია.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
რა შემთხვევაში გამოიყენებს საქართველო ჩინურ ვაქცინას>>>
სამწუხაროდ, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა – 27 წლის მედდას მეგი ბაქრაძეს AstraZeneca-ს პრეპარატით აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მდგომარეობის გართულების გამო იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.