თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრას მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირები ჩაიტარებენ და ამ ეტაპზე ასაკობრივი ჯგუფები აღარ გაფართოვდება.
იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ
ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელეს დამატებითი ინფორმაცია AstraZeneca-ს შესაძლო გვერდითი ეფექტების თაობაზე. ორივე ორგანიზაციაში ექსპერტთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი, რომ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში, შესაძლოა, ვაქცინაციის ფონზე გამოვლინდეს. თუმცა, სპეციალისტებმა AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის შესაძლო კავშირი აღიარეს.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, რამდენიმე ქვეყანამ გარკვეული ასაკობრივი ჯგუფების აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, დანიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში აღნიშნულ პრეპარატს 60 წელს ზემოთ პირების ვაქცინაციისთვის იყენებენ, საფრანგეთში 55 წელს ზემოთ პირებისთვის, შვედეთსა და ესპანეთში კი 65 წელს ზემოთ პირებისთვის.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის პირველი ეტაპი უსაფრთხოდ გაიარეს, 8–12 კვირის ინტერვალით შეუძლიათ ვაქცინის მეორე დოზა ჩაიტარონ.
საქართველოში პრეპარატ AstraZeneca-ს პირველი პარტია (43.200 დოზა) 13 მარტს შემოვიდა. ქვეყანა აღნიშნული ვაქცინის შემდეგ პარტიას (86.400 დოზა) აპრილში ელოდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში AstraZeneca–ს და Pfizer–ის ვაქცინებია ხელმისაწვდომი. საქართველომ ასევე მიიღო ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება მისი იმუნიზაციისთვის გამოყენება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია სულ 15.693 ადამიანს აქვს ჩატარებული.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მაგრამ ვაქცინაციის ტემპები დაბალია.