თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. ფოთის №12 საჯარო სკოლაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევის გამო, სასწავლო დაწესებულება, შესაძლოა, 12 აპრილიდან ონლაინ–სწავლების რეჟიმზე გადავიდეს.
ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, გეგმური ტესტირებისას კორონავირუსი ერთ–ერთ პედაგოგს გამოუვლინდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებულ პედაგოგს შეხება ჰქონდა სხვადასხვა კლასების მოსწავლეებთან და თავის კოლეგებთან, სავარაუდოდ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 12 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, სკოლა მთლიანად გადავიყვანოთ დისტანციური სწავლების რეჟიმზე“, - განაცხადა ქორქიამ.
მისი თქმით, ფოთის მასშტაბით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ამ დროისთვის შვიდი სკოლის ცალკეული კლასია გადასული. ინფიცირებული მოსწავლეების რაოდენობა კი ათს შეადგენს.