თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის №1 და სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლებში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების გამო, სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
როგორც ქობულეთის რესურს–ცენტრში აცხადებენ, №1 საჯარო სკოლაში კორონავირუსი ორ პედაგოგს დაუდასტურდა, რის გამოც ეპიდემიოლოგებმა სასწავლო დაწესებულების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დროისთვის სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.
რაც შეეხება სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლას, ინფიცირებულია პირველი კლასის მოსწავლე. გუშინ კი აღნიშნულ სკოლაში კორონავირუსი მე-9 კლასის მოსწავლესაც დაუდგინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებები ონლაინ–რეჟიმში ორი კვირის განმავლობაში გააგრძელებენ ფუნქციონირებას.
გუშინ, ქობულეთის 46 საჯარო და 3 კერძო სკოლაში გეგმური PCR–ტესტირება ჩატარდა. ბოლო მონაცემებით, ქობულეთში ოთხი საჯარო სკოლა და ორი ბაღია დახურული.