თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. მომღერალი გია გაჩეჩილაძე („უცნობი") ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთებისთვის დაჯარიმდება, იუწყება პირველი არხი.
მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე მოქალაქეების შეკრების დროს ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა წარწერა „ღმერთი სიყვარულია“. კედლის ეს ფრაგმენტი გერმანიამ სიმბოლურად გადასცა საქართველოს და როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თბილისში დგას.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, დაირღვა კანონი, ამიტომ აუცილებლად იქნება შესაბამისი ზომები მიღებული.
„ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტს, მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად და კანონდამრღვევი დაჯარიმდება“, – განაცხადეს მერიაში.
„უცნობისთვის“ ჯარიმა ჯერჯერობით არ გამოუწერიათ, ჯარიმის გამოწერა ორი თვის ვადაში მოხდება.
„მდუმარე აქცია“, რომლის ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძეა, დღეს ევროპის მოედნიდან დაიწყო, საიდანაც აქციის მონაწილეებმა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი „დედაენის“ ბაღში შეიკრიბნენ.
შეკრებაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ „უცნობის“ იდეას, რომ სიმბოლურად, 9 აპრილს დაფუძნდეს „საქართველოს მარადისობის დღე“. როგორც გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, აქცია მშვიდობიანია და მასში არ მონაწილეობენ პოლიტიკოსები.