თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 16–მდე კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი დიდ თავყრილობებს უკავშირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, სხვაასხვა სოციალური ღონისძიებები კორონავირუსის საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია.
მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია და ამ საშიშროების წინაშე საქართველოც დგას. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა იმ რეკომენდაციების და შეზღუდვების დაცვა, რაც ქვეყანაში მოქმედებს.
„ნებისმიერი თავშეყრა, თუ არ არის დაცული შესაბამისი რეგულაციები – დისტანცია, პირბადის ტარება ვირუსის გავრცელების მომატებული რისკია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, დამძიმებული ეპიდვითარება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციებისა და დაწესებული რეკომენდაციების დარღვევას უკავშირდება. თუ კორონავირუსი გავრცელდა და ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, ეპიდემიოლოგები საკოორდინაციო საბჭოზე დააყენებენ უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხს, რადგან ქვეყანა შიდა გავრცელებისა და მესამე ტალღის წინა ეტაპზე იმყოფება, აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. გასულ დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 777-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.183-ს მიაღწია. ქვეყანაში ცხელ ეპიდწერტილებად რჩება თბილისი, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, აჭარა და იმერეთი.