თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. დღეს არსებული ეპიდვითარების ფონზე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პოზიციები საპატრიარქოსთანაც შეჯერდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს სათანადოდ არ დაიცავს, სააღდგომოდ, შესაძლოა, საჭირო გახდეს კოვიდ–შეზღუდვების გამკაცრება.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება და პოზიციებს შევაჯერებთ. ასე მოხდა შარშან და იმედი მაქვს, რომ წელსაც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ. გარკვეული რეკომენდაციები სააღდგომო მზადებაზე უკვე გაცემულია და საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ იმსჯელებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგებს აღდგომის წინ მოსახლეობისთვის ისევ ის რეკომენდაციები აქვთ – პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავის არიდება.
ბოლო პერიოდში ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს.
გასულ წელს, მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა პანდემიის დროს მასობრივი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების რისკების შესახებ და ასევე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 19 აპრილის ღამეს ღვთისმსახურებაზე უარი არ უთქვამს. თუმცა, ტაძრებში უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მრევლის სიმცირის გამო ეპიდემიის აფეთქება არ მომხდარა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შარშან აღდგომის დღეებში საქართველოს მასშტაბით ყველა სასაფლაო დაკეტილი იყო.