თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. არსებობს პროდუქტი, რომლის მიღებაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მოკლე ხანში დაწევას, წერს გამოცემა Express–ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, საუბარია მუხუდოზე (იგივე ნუტი), რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილასა და უჯრედისს.
ირკვევა, რომ სწორედ უჯრედისის დიდი რაოდენობა განაპირობებს მუხუდოს „ანტიდიაბეტურ“ თვისებებს. უჯრედისი ანელებს ორგანიზმის მიერ ნახშირწყლების ათვისებას, რის შედეგადაც ნახშირწყლები ბევრად ნელა იხლიჩება, მათ შორის, გლუკოზადაც, და ეს უკანასკნელი ორგანიზმში სწრაფად დაგროვებას ვერ ასწრებს.
სპეციალისტების განმარტებით, ერთ-ერთმა სამეცნიერო კვლევამ, რომელშიც მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას, აჩვენა, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც ექვსი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდნენ მუხუდოზე დამზადებულ კერძებს, შაქრის დონე ბევრად უმცირდებოდათ იმათთან შედარებით, ვინც ხორბლის პროდუქტებს იღებდა.
გარდა ამისა დადგინდა ისიც, რომ მუხუდო ხელს უწყობს წონაში კლებასაც, ვინაიდან ის დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს ადამიანებს სიმაძღრის შეგრძნებას და აქვეითებს მადას. ხოლო ჭარბი წონის დაკლება ასევე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის დონეზე.