თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. დედაენის დღისთვის თბილისში ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის კომპლექსური და მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. ამის შესახებ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის პროექტის დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
Culture Trip - ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში>>
კერძოდ, ჩატარდება საბავშვო მიმართულებით ტიპოგრაფიასა და მხატვრობაში მასტერკლასები და ვორქშოფები, მოზარდებისთვის კი შემოქმედებითი წერის მასტერკლასი. ასევე იქნება მუსიკალური ნომრებიც.
გარდა ამისა, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის მოეწყობა 1978 წლის 14 აპრილის განხილვა-დისკუსია.
როგორც ნინია მაჭარაშვილმა განაცხადა, თბილისის მერიის მხარდაჭერით, იუნესკო ამზადებს დოკუმენტურ ფილმს, რომლის ანალოგიც არ არსებობს.
„ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ამ პროცესებში ჩართული ადამიანები, მკვლევრები და გვექნება არაჩვეულებრივად მოძიებული საარქივო მასალა. სწორედ ამ დოკუმენტური ვიდეოს პრეზენტაციით დაიწყება ეს ღონისძიება“, - განაცხადა ნინია მაჭარაშვილმა.
ენათმეცნიერი: ქართული ანბანის თითოეული ასო ხელოვნების ნიმუშია>>
საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს აღინიშნება. ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები შედგა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნა.