თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსს გაივლიან, რომლის ფარგლებშიც ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ საბაზისო ცოდნას მიიღებენ, აღნიშნულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ცენტრის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა მოაწერეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასწავლო კურსი სამკვირიანია. რეგიონული ტექნოპარკებისა და ინოვაციების ცენტრების პერსონალის ჩართულობით ონლაინ შეხვედრები გაიმართება და პირველ ეტაპზე გადამზადდება 15 მსჯავრდებული CorelDraw-სა და 3D დიზაინში.
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა შორის საუკეთესო მოჭადრაკეები გამოავლინეს>>
სააგენტოს ცნობით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიზანი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და დასაქმებაა. ცენტრი, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულების სწავლების, პროფესიული გადამზადებისა თუ დასაქმების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს.