თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოში ეპიდვითარება კვლავ გაუარესდა – ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის ზღვარზე და ახალი „ლოკდაუნის“ საფრთხის წინაშეა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია თავიდან ავიცილოთ მესამე „ლოკდაუნი“. ამისთვის საჭიროა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მათ, ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე, მნიშვნელოვანია ასევე სოციალური დისტანცია და მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება. სამწუხაროდ, მომატებულია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ინციდენტობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მესამე ტალღის ზღვარზე ვართ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს ინფექციის ლოკალურ დონეზე მართვას. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები შეასაძებელს გახდის ჩაკეტვების თავიდან აცილებას. მან საზოგადოებას ასევე აღდგომის დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდა.
„ჩვენ აღდგომის დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშვნა მოგვიწევს წელსაც, თუმცა, იმედი მაქვს, რომ არაფრის ჩაკეტვა არ მოგვიწევს და შევძლებთ ინფექციის ისე მართვას, რომ გლობალურ ჩაკეტვამდე არ მივიდეთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 284 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 275 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 3.822 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.