თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება, თუ მოხერხდება დღევანდელი ეპიდსიტუაციის შენარჩუნება, - ასე უპასუხა Sputnik-საქართველოოს შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ-ჩართვის დროს.
საქართველოში სასაფლაოები გაიხსნა >>
მისი თქმით, ეპიდემიოლოგებს აღდგომის წინ მოსახლეობისთვის მხოლოდ ერთი რეკომენდაცია აქვთ - გავიაროთ აპრილი მაქსიმალურად თავშეკავებულად და დავიცვათ ყველა წესი.
„ყველას გთხოვთ, აპრილის თვე გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რათა სააღდგომო დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად. დაახლოებით ისეთი ეპიდსიტუაცია თუ იქნება, როგორიც დღეს ქვეყანაშია (რა თქმა უნდა, დღეში 400, 500, 600 შემთხვევა კარგი არ არის, მაგრამ ვითარება მართვადია) და სერიოზულ ნახტომისებურ ზრდაში არ გადავიდა, ამ ფარგლებში თუ შევინარჩუნეთ შემთხვევები, მაშინ წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 2 მაისს აღნიშნავს.
გასულ წელს, მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილების პანდემიის დროს მასობრივი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების რისკების შესახებ, ასევე მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 19 აპრილის ღამეს ღვთისმსახურებაზე უარი არ უთქვამს. მაგრამ ეპიდემიის აფეთქება არ მომხდარა, ტაძრებში უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მრევლის სიმცირის გამო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაფლაო დაკეტილი იყო.