თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ კლინიკა, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა, დღეს დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.
როგორც კალაძემ სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე ის თავს უკეთ გრძნობს, თუმცა გარკვეული პერიოდი მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
თბილისის მერმა გულშემატკივრებსა და ყველა იმ ექიმს, ვინც ჩართული იყო მის მკურნალობაში, მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ძალიან დიდი მადლობა. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, უკეთესად ვგრძნობ თავს“, - განაცხადა კალაძემ.
26 მარტს კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორი დიაგნოზი დაუსვეს – ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია და ის კლინიკაშია მოთავსებული. მოგვიანებით ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დადასტურდა. მერს არასტაბილური არტერიული წნევა აქვს – ვესტიბულოპათია. ექიმის განმარტებით, ადამიანის ორიენტაციას სივრცეში და წონასწორობის შენარჩუნებას ვერტიკალურ მდგომარეობაში ვესტიბულარული აპარატი უზრუნველყოფს. მისი ფუნქციის დარღვევას ვესტიბულოპათია ეწოდება.
მედიკოსების განცხადებით, დარღვევები კალაძის სპორტულმა წარსულმა და დაძაბულმა სამუშაო გრაფიკმა გამოიწვია.