თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ ჯერჯერობით დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
კახა კალაძე მუშაობის ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდება - მერია>>
მისი თქმით, კლინიკის შემდეგ ის მკურნალობის კურსს სახლში განაგრძობს და მერიის მუშაობას დისტანციურად ხელმძღვანელობს.
„ბატონი კახა უკეთესად არის. რა თქმა უნდა, დისტანციურად ჩართულია პროცესებში, ყოველდღიურ საქმიანობაში დედაქალაქის მერიის. მინდა მას კიდევ ერთხელ ჯანმრთელობა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამოჯანმრთელდება და დადებითი ენერგიით და ენთუზიაზმით ძალიან მალე შემოგვიერთდება“, – განაცხადა ბენდელიანმა.
რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორი დიაგნოზი დაუსვეს – ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია და ის კლინიკაშია მოთავსებული. მოგვიანებით ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დადასტურდა. მერს არასტაბილური არტერიული წნევა აქვს – ვესტიბულოპათია. ექიმის განმარტებით, ადამიანის ორიენტაციას სივრცეში და წონასწორობის შენარჩუნებას ვერტიკალურ მდგომარეობაში ვესტიბულარული აპარატი უზრუნველყოფს. მისი ფუნქციის დარღვევას ვესტიბულოპათია ეწოდება.
მედიკოსების განცხადებით, დარღვევები კალაძის სპორტულმა წარსულმა და დაძაბულმა მუშაობამ გამოიწვია.