თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მეჩეჩზე შემჯდარი კონტეინერმზიდ Ever Given-ის გამო „საცობში“ მოხვედრილმა 422-ვე გემმა სუეცის არხი გაიარა, განაცხადა არხის ადმინისტრაციის უფროსმა უსამა რაბიამ. ამის შესახებ წერს РИА Новости.
„22 მილიონი ტონა საერთო წყალწყვის 422-ვე გემმა, რომელიც Ever Given-თან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ თავის რიგს ელოდა, სუეცის არხის კალაპოტი გაიარა“, - ნათქვამია რაბიას განცხადებაში.
მისი თქმით, ოპერაცია რეკორდულ ვადებში შესრულდა და არხის თანამშრომლების დიდ მიღწევას წარმოადგენს.
400-მეტრიანი და 224 ათასი ტონა წყალწყვის გემი Ever Given, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, 23 მარტს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ საზღვაო მაგისტრალზე - სუეცის არხში გარდიგარდმო გაიჭედა და ნავიგაცია გადაკეტა. ორშაბათს ის რამდენიმე მცდელობის შემდეგ ადგილიდან დაძრეს. ოპერაციაში 15 საბუქსირო ხომალდი მონაწილეობდა.
რაბიას განცხადებით, სუეცის არხის დაბლოკვის შედეგად ზარალმა შესაძლოა 1 მლრდ დოლარს მიაღწიოს.