თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით COVID-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს დაუდასტურდა, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლის დასაწყისიდან საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით COVID-19 მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.
დგებუაძის ინფორმაციით, ამჟამად 2085 საჯარო სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასია გადასული, ხოლო 218 კერძო სკოლიდან – ორი სკოლა და 17 ცალკეული კლასი.
„როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ“, – განაცხადა დგებუაძემ.
რაც შეეხება რისკ-ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობას, რომლებმაც დისტანციური სწავლების თხოვნით სკოლას თავად მიმართეს და შეღავათი გაეწიათ, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით მათი რაოდენობა 91-ს შეადგენს.
ეკატერინე დგებუაძე ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საგანგაშოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში შეძლონ.
როგორც დგებუაძემ აღნიშნა, შემთხვევით შერჩევის პრინციპით სამინისტროს პირველი პირები და რესურს-ცენტრები სკოლებში კვლავ სისტემატურ მონიტორინგს განახორციელებენ. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტესტირება.
15 თებერვლიდან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ I-XII კლასის მოსწავლეები თავიანთ მერხებს დაუბრუნდნენ. V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადის ტარება სავალდებულოა.