განათლების სამინისტრო აჭარის რეგიონში სკოლების მონიტორინგს აგრძელებს

© Sputnik / STRINGER საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დისტანციური სწავლების პირობებში არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად, სკოლებმა წარმატებით გაართვეს თავი სასწავლო პროცესის გამართულად ორგანიზებას.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
მიხეილ ჩხენკელი: საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის პროცესი გაგრძელდება

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – აუცილებელია პირბადის ტარება (V-XII კლასების მოსწავლეებისთვის), ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი.

ამჯერად მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებს ეწვია და დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები პირადად შეაფასა.

დგებუაძის თქმით, აჭარაში სასწავლო პროცესი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს, ასევე საკმაოდ მაღალია საკლასო ოთახებში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი.

„რეგიონში ვირუსის შეკავების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების კუთხით მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებებში თითოეულმა წევრმა ზედმიწევნით დაიცვას დადგენილი რეკომენდაციები“, – განაცხადა დგებუაძემ.

ბოლო კვირის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც, სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში სრულ დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი სკოლა არ იმყოფება. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, მხოლოდ ხუთი კლასი აგრძელებს სწავლას ონლაინ–ფორმატში.

 

ყველა ახალი ამბავი
0