თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები რისკ–ჯგუფს წარმოადგენენ და მათი ვაქცინაცია დროულად უნდა მოხდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა.
ზახაშვილის განცხადებით, ონკოპაციენტები კოვიდ–ინფექციის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკის ქვეშ არიან, ამიტომაც მათთვის აცრის გაკეთება შესაბამის ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
„ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს, შესაბამისად, შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვა მოხდება სრულფასოვნად. ონკოპაციენტებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დროულად უნდა ჩაიტარონ“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ორსულობის პერიოდში ვაქცინაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორსულებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენების შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის. მისი თქმით, შესაბამისად, ორსულების აცრებზე ჯერჯერობით პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.
„თუ ორსულობისას შემთხვევითი მიზეზით მოხდება აცრა, როდესაც ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის აუცილებლობას და ორსულობა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პრეპარატ Pfizer-ით (29,5 ათასი დოზა) ვაქცინაციის პროცესი კი გუშინ დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ასევე, ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან 55 წლის ზემოთ მოქალაქეები, სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები.
ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ასევე შეეძლებათ დიალიზზე მყოფ პირებს და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. დიალიზზე მყოფი პირები ვაქცინას იმ სამედიცინო დაწესებულებებში გაიკეთებენ, სადაც აუცილებელ პროცედურებსა და თერაპიას გადიან.
1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჯამში 8.536–მა ადამიანმა ჩაიტარა.