თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. რუს ჟურნალისტს ვლადიმირ პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს თბილისში ნამდვილად გამოუწერეს ჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, იუწყება შსს და ქვითრის ფოტოსაც აქვეყნებს.
საპატრულო პოლიციის მონაცემებით, 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს როგორც პოზნერს, ისე მის თანმხლებ 31 ადამიანს 41-დან.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოს 31 მარტს საქართველოში სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან. ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შსს ასაჯაროებს ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს.
პრემიერი: პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ>>
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს 32 პირი. ამასთანავე, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
თბილისში სკანდალური ვიზიტის შემდეგ, უკვე მოსკოვში ვლადიმირ პოზნერმა РИА Новости-ს განუცხადა, რომ ის კარანტინის წესების დარღვევისთვის არავის დაუჯარიმებია.
პოზნერის ვიზიტმა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პოზნერის მიერ აფხაზეთის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.
ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება, მას თან 50-მდე მეგობარი და კოლეგა ახლდა. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.