რატომ შემოუშვეს პოზნერი საქართველოში? შსს-ს განმარტება

© photo: Sputnik / Stringerშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
პოზნერი არ ყოფილა ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, ამიტომაც მას საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევია, აცხადებს სამინისტრო.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია საქართველოში მოქმედი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, განაცხადეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში განმარტეს, რომ უცხოელი სტუმრები საქართველოში მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ.

„აღნიშნული პირი (ვლადიმირ პოზნერი – რედ.) აშშ-ის მოქალაქეა. მას არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი. იგი არაერთხელ ყოფილა საქართველოში. რაც შეეხება სხვა პირებს, ისინი საქართველოში მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ, ნაწილს კოვიდ-პასპორტი ჰქონდა, ხოლო ნაწილმა PCR–ტესტის ცნობა წარმოადგინა", – განმარტეს შსს-ში. 
საპროტესტო აქცია ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
საქართველოში ვლადიმირ პოზნერს დაბადების დღე საპროტესტო აქციით „მიულოცეს“

საქართველოში მოქმედი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა კანონდარღვევად ითვლება, რაც ითვალისწინებს დიდი ოდენობით ფულად ჯარიმას ან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები მოითხოვდნენ დაზუსტებას, საქართველოში ჩამოსვლით დაარღვია თუ არა პოზნერმა ოკუპაციის შესახებ კანონი. საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ასევე მიუღებელი იყო პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ის აქ დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება. მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქცია თავიდან რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ვახშამი ჩაშალეს. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის დერეფნის დახმარებით დატოვეს, საპროტესტო აქცია შემდეგ სასტუმრო Rooms Hotel-თან გაგრძელდა, სადაც პოზნერი გაჩერდა სხვა სტუმრებთან ერთად. აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.

რესტორანი „ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ყველა ახალი ამბავი
0