თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, 41 პირიდან 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.
საქართველოში ვლადიმირ პოზნერს დაბადების დღე საპროტესტო აქციით „მიულოცეს“>>
რაც შეეხება სასტუმრო „ვინოტელს“, სადაც ვლადიმირ პოზნერი და მისი სტუმრები თავდაპირველად იმყოფებოდნენ, ისიც წუხელვე, გვიან ღამით დაჯარიმდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, – განაცხადეს შსს-ში.
„კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.
ვლადიმირ პოზნერს 1 აპრილს 87 წელი უსრულდება, და მან ამ დღის აღნიშვნა საქართველოში გადაწყვიტა. მასთან ერთად თბილისში მისი მეგობრები და კოლეგებიც ჩამოვიდნენ. აქტივისტები პოზნერის ჩამოსვლას საპროტესტო აქციით შეხვდნენ, რაც თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა.
ჟურნალისტი იძულებული იყო, ქვეყანა თანმხლებ პირებთან ერთად დღეს, ადრე დილით დაეტოვებინა. აქტივისტებმა პოზნერი სასტუმროდან აეროპორტში შეძახილებითა და კვერცხების სროლით გააცილეს.
აეროპორტში მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
პროტესტი გუშინ, საღამოს დაიწყო. საზეიმო ბანკეტამდე თბილისში, რესტორან „ვინოტელში“ ვახშამი იმართებოდა. რესტორანთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ პოზნერის მიერ ადრე გაკეთებულ კომენტარებს აფხაზეთთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ვახშამი ჩაშალეს. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.
პოზნერი საქართველოში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდა. მისი თქმით, ის დაბადების დღეს საქართველოში უკვე მესამე წელია აღნიშნავს.