თბილისი, 31 მარტი – Sputnik. პოლონეთში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს პოლონეთის საზღვრის კვეთის ახალ წესებთან დაკავშირებით აფრთხილებს.
როგორც საელჩოს ოფიციალურ Facebook–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 30 მარტიდან პოლონეთში შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს, მიუხედავად იმისა წარადგენენ თუ არა PCR–ტესტის უარყოფით პასუხს. საკარანტინე ვადის ათვლა იწყება პოლონეთის საზღვრის კვეთიდან მეორე დღეს.
თუმცა, იმ მოქალაქეებს, ვისაც კარანტინის გავლა არ სურთ, შეუძლიათ PCR ან ანტიგენური ტესტი საზღვრის კვეთიდან 48 საათის განმავლობაში გაიკეთონ და ნეგატიური პასუხი მიეწოდონ პოლონეთის სანიტარულ ინსპექიცას. ამ შემთხვევაში უცხოელი ვიზიტორი თავისუფლდება კარანტინის გავლის ვალდებულებისგან. ტესტის გაკეთება შესაძლებელია აეროპორტშიც.
შენგენის ზონიდან ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით შესული მგზავრები ასევე დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს, თუმცა, მოქალაქე თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ წარადგენს ვიზიტამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR, ან ანტიგენური ტესტის ნეგატიურ პასუხს.
ტესტის არქონის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR, ან ანტიგენური ტესტის ნეგატიური პასუხი ასევე ათავისუფლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინის ვალდებულებისგან.
ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის კვეთისას წარადგენენ ევროკავშირში დაშვებული ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, არ დაექვემდებარებიან კარანტინს.
დღეისთვის პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,29 მლნ–ს აჭარბებს, გარდაიცვალა 52 ათასზე მეტი ადამიანი.