თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა ისრაელიდან COVID-19-ზე ვაქცინირებული 137 ტურისტი მიიღო, განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე ხუთშაბათს.
ბათუმში აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონია გაიმართა. სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 17 მლნ დოლარია. სამუშაოებზე 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. გაიზარდა აეროპორტის გამტარუნარიანობა და ახლა მას წელიწადში 1,2 მლნ მგზავრის მომსახურება შეუძლია.
არჩუაძის თქმით, კომპანია „ტავ ჯორჯიამ" (TAV Georgia), რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს, უმოკლეს დროში დაასრულა აეროპორტის გაფართოების სამუშაოები და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა უკვე 137 აცრილი ტურისტის მიღება შეძლო ისრაელიდან.
ისრაელის გარდა, ბათუმის აეროპორტი ყოველდღე იღებს რეისებს თურქეთიდან.
არჩუაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანიების რაოდენობა გაიზრდება.
„2007 წლიდან პანდემიამდე ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანიების რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული აეროპორტით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდება, რაც საშუალებას მოგვცემს აჭარის რეგიონს მეტი ტურისტი ეწვიოს“, – განაცხადა არჩუაძემ.
მისი თქმით, პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ „ტავ ჯორჯიამ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციები 14-დან 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები შემსუბუქდა>>
პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა როგორც მოფრენის, ისე გაფრენის მხარეს. ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2-დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის" ზონა, ბიზნეს-ლაუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარებით აღჭურვილი კვების ობიექტები. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის ორი გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის ექვსი გასასვლელით ისარგებლებენ.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 თებერვლიდან რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები მოხსნა. შეიცვალა უცხოელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები და პირობები.
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვთ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ.
როგორც ცნობილია, Johnson&Johnson-ის პრეპარატით სრული ვაქცინაციისთვის, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი აცრის ჩატარებაა აუცილებელი. სხვა ვაქცინების შემთხვევაში კი ქვეყანაში შემომსვლელმა ნებისმიერმა პირმა უნდა წარმოადგინოს ვაქცინაციის სრული კურსის (2 აცრა) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ პირს ვაქცინაცია გავლილი არ აქვს, მაშინ მას რიგი მოთხოვნების შესრულება მოუწევს.
ევროკავშირისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო გზით შემოსვლას შეძლებენ უარყოფითი PCR–ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ჩამოსვლამდე 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. ჩამოსვლიდან მესამე დღეს ისინი ვალდებული არიან საკუთარი ხარჯით განმეორებითი ტესტი გაიკეთონ.
PCR–ტესტის პასუხით საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან: ევროკავშირის ქვეყნები, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, შვეიცარია, ნორვეგია, ისრაელი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ბაჰრეინი, თურქეთი.