თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე.
პრემიერის თქმით, პანდემიასთან ეფექტური ბრძოლის მეშვეობით საქართველოს საშუალება მიეცა, უფრო ადრე გახსნილიყო ქვეყანა საერთაშორისო მგზავრებისთვის.
„კიდევ ერთხელ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელოვანი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი და პანდემიამ ეს სექტორი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ძალიან დააზარალა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ზიანის შესამცირებლად და პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის უკეთ მოსამზადებლად“, - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ქვეყანაში დამატებითი 17 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო სამუშაოებზე 300-მდე ადილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ბათუმის აეროპორტის გამტარიანობა გაორმაგდა და ის უკვე 1 200 000 ტურისტის მომსახურებას შეძლებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი და განახლებული ბათუმის აეროპორტის გახსნა ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ ეტაპობრივად შევამსუბუქეთ რეგულაციები. რა თქმა უნდა, ვაქცინაციისა და მკაცრი პროტოკოლების შესრულების ფონზე, ველოდებით უკვე პირველ ტურისტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ბათუმის აეროპორტში ახლა 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანია დაფრინავს და იფრენს მომავალშიც.
„ახლა უკვე განახლებული, ძალიან ლამაზი, თანამედროვე შენობით ვუმასპინძლებთ ჩამოსულ ტურისტებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ Sputnik– საქართველოს აცნობეს, პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა როგორც მოფრენის, ისე გაფრენის მხარეს. ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2–დან 8000 მ2-მდე გაიზრდა.
გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით ბარგის ერთი კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14–მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები მოფრენის ზონაში 6–დან 12–მდე, გაფრენის ზონაში კი 6–დან 8–მდე გაიზარდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის ორი გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის ექვსი გასასვლელით ისარგებლებენ.
ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის" ზონა, ბიზნეს ლაუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარებით აღჭურვილი კვების ობიექტები.
ბათუმის აეროპორტში კიდევ ერთი ტერმინალი აშენდება>>
დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი საზეიმოდ გახსნის ოფიციალურ ცერემონიას გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასი, ესწრებოდნენ „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები.