თურნავა: „ნამახვანჰესი“ არ აშენდება, ვიდრე ძირითად კვლევებს ექსპერტები არ შეისწავლიან

© Sputnik / STRINGER პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ამ დრომდე გრძელდება. ისინი ხეობიდან ინვესტორის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტები ორი თვის განმავლობაში შეისწავლიან ჩატარებულ კვლევებს და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის სამშენებლო სამუშაოები გარკვეული პერიოდით შეჩერდება და ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი.

დღეს „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  ეკონომიკის მინისტრი, გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ენერგეტიკოსები, ეკოლოგები, ჰიდროლოგები და გეოლოგები ესწრებოდნენ.

„კვლევები მრავალი წელი მიმდინარეობდა და საკმაოდ კვალიფიციური ექსპერტების მიერ არის შესრულებული, მაგრამ ყოველთვის შეიძლება სრულყოფა. თუნდაც იმისთვის, რომ ბევრი კითხვა მოიხსნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მეტი ნდობა გაჩნდეს პროექტის მიმართ“, - განაცხადა თურნავამ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ღარიბაშვილი: „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  დაინტერესებული ექსპერტები ორი თვის განმავლობაში იმსჯელებენ, რა კვლევებია ჩატარებული.

„რაიმე რისკს, რაიმე ხარვეზს თუ გამოავლენენ, მათ რეკომენდაციებს მოვისმენთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ. ამ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავებთ ამ რეკომენდაციების გადაჭრის გზებს და კომპანიას წარვუდგენთ. ეს არის გარანტია, რომ პროექტი უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ დამატებითი კვლევების ჩატარებამდე „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მარტის დასაწყისში მიიღო. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გაზრდილი პროტესტის ფონზე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს პროცესებში პირადად ჩართვა და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავალა. ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და 5 თვეზე მეტია უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ადგილი, სადაც ჰესი შენდება, სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება.

საპროტესტო აქცია ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: მასობრივი აქციები არ წყდება – ფოტო

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს – ცაგერის და წყალტუბოს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0