თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ შემოწმდა მომსახურების სფეროს 58.215 ობიექტი, ხოლო საქმიანობა შეუჩერდა 6.212 ობიექტს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
ფერაძის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო სამ დღეში შრომის ინსპექციამ განახორციელა 382 ობიექტის ინსპექტირება, მათ შორის 316 ობიექტი, პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გააფრთხილეს. 10 ობიექტზე განხორციელდა შემოწმება კითხვარის საშუალებით და 50 ობიექტი გადამოწმდა, თუ რამდენად ასრულებდნენ 21:00 საათის შემდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დადგინდა, რომ პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნები სრულად იყო დაცული.
„ჩვენ განვახორციელეთ მონიტორინგი 21:00 საათის შემდგომ და, სამწუხაროდ, მოგვიწია ექვსი ფიზიკური პირის დაჯარიმება სოციალური ღონისძიების, ღამის კლუბის ორგანიზებისთვის, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი – განმეორებითი დარღვევისთვის“, – განაცხადა ფერაძემ.
მისი ინფორმაციით, შრომის ინსპექცია ჩართული იყო 28 მარტს საფეხბურთო მატჩზე ნაკადების მართვაშიც.
ჯამში 2020 წლის 28 ნოემბრიდან განხორციელდა 58.215 ობიექტის ინსპექტირება, რეკომენდაციის აღსრულებაზე კითხვარის მეშვეობით შემოწმდა ათასამდე ობიექტი. ასევე განმეორებით ინსპექტირება განხორციელდა 16 ათასზე მეტ ობიექტზე.
საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან შეზღუდვები დააწესა. ამ დროისათვის შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, თუმცა კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა.