თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებისა და შეზღუდვების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრება დაავალა.
სამშაბათს გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ თებერვლის დასაწყისიდან დღეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 673 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, იზრდება ინციდენტობისა და დადებითობის მაჩვენებელი.
„მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომლებიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდება, საბჭო მზად არის იმსჯელოს ღამის 21:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გარკვეულ შემსუბუქებაზეც“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს – დაიცვან დისტაცია, გამოიყენონ პირბადე და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.
საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებდა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან ის ერთი საათით გახანგრძლივდა – 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.