თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას 2006 წელს მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს 50 ათასი ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახი კომპენსაციის სახით 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვდა.
მკვლელობა 2006 წლის მაისში, ძველი ხელისუფლების დროს მოხდა. იმ დღეს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელშიც, სულ მცირე, პოლიციის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა. მათ 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს მანქანას, რომელშიც 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი, 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვი და 22 წლის ბონდო ფუთურიძე იმყოფებოდნენ. ვაზაგაშვილი და ხუბულოვი დაიღუპნენ, მძიმედ დაჭრილი ფუთურიძე კი გადარჩა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახი ერთჯერადად 49,5 ათას ლარს მიიღებს, ასევე სახელმწიფო ხუბულოვის თითოეულ შვილზე სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე 159 ლარის ოდენობით ყოველთვიურ კომპენსაციას გადაიხდის.
„ქართულმა სასამართლომ ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა ხელისუფლების პირობებში სისტემური დანაშაულის ფაქტი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სიცოცხლის ხელყოფას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახმა კომპენსაცია სტრასბურგის სასამართლოში მიმართვის შემდეგ მიიღო, ხოლო ხუბულოვის ოჯახმა გადაწყვიტა ქართული სასამართლოსთვის მიემართა.
საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „კორტების საქმის“ ხელახალი გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ვაზაგაშვილი და ხუბულოვი მოკლეს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, რომელიც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას მიერ იყო მომზადებული.
2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ფირცხალავასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ცააძის მიმართ 12 წლით პატიმრობა გამოიყენა. ისინი დამნაშავედ ცნეს მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებში“.
„კორტების საქმეზე“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებიც მიეცნენ.
შსს-ს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილ უფროსს კახაბერ ნაკანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 6 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელს ლევან ბეროძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო კრიმინალური პოლიციის ყოფილ გამომძიებელს გრიგოლ კვინიკაძეს ადამიანის წინასწარ განზრახვით უკანონო დაკავებისთვის დაუსწრებლად 4 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.