თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ბათუმის საკრებულომ კომპანია Batumi Tower-სთვის (სასტუმრო „ელ მერიდიანის“ მფლობელი) 3.380 კვადრატული მეტრი ფართობის სანაპირო ზოლის ხანგრძლივი ვადით იჯარის გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. ამას წინ მოქალაქეების ხმაურიანი აქცია უძღოდა საკრებულოს შენობის წინ, იუწყება გამოცემა „ბათუმელები“.
ბათუმის საკრებულოს წინ ქალაქის მცხოვრებლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები დილიდან შეიკრიბნენ, რათა პლაჟის კერძო მფლობელობაში გადაცემა გაეპროტესტებინათ. ისინი შენობაში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ პოლიციის წინააღმდეგობას წააწყდნენ.
ბათუმის ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასთვის მისაწვდომი. ამგვარი განზრახვა კი წმინდა წყლის დანაშაულია.
„ეს არის დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე. მე წინააღმდეგი ვარ. მეც თქვენი გუნდის წევრი ვარ და არ მოგცემთ ამის ნებას. პატივს ვცემ ყველა ინვესტორს, გადასცენ მათ სხვა ტერიტორია, მაგრამ არა ბათუმის ბულვარი. ეს დანაშაულია!" – განაცხადა ჯინჭარაძემ.
საჭირო გახდა ბათუმის საკრებულოს სხდომის შეწყვეტა. საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ შესვენება გამოაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა, ხოლო როცა დაბრუნდა, განაცხადა, რომ ბულვარის ნაწილის კერძო კომპანიისთვის გადაცემის საკითხი განუსაზღვრელი დროით, ბულვარის მოწყობის გეგმის დამტკიცებამდე გადაიდო.
საკრებულოს ბათუმის მერიის დადგენილება რომ დაემტკიცებინა, პლაჟის 3.380 კვ.მ ფართობის ზოლი Batumi Tower-ის მფლობელობაში 15 წლით გადავიდოდა. მაგრამ საკითხი დღის წესრიგიდან მხოლოდ დროებით მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ ბათუმელების ბრძოლა ბულვარისთვის არ დასრულებულა.