თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმას ქართული კომპანია შეიმუშავებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ბათუმის ძველ ბულვარში სახაშეები აღარ დარჩება >>
შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ და კომპანია „ბაუ დიზაინის“ თანადამფუძნებელმა მიხეილ ბალიაშვილმა. კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში ზღვისპირა პარკის განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა წარადგინოს.
ღონისძიების ფარგლებში, სპეციალისტებმა ბულვარის განვითარების მათი ხედვა წარადგინეს, ისაუბრეს საპროექტო ზონირებასა და ბულვარში განთავსებულ ობიექტებზე, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციაზე.
„ჩვენი გეგმა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დამუშავდება, განსაზღვრავს ბულვარის სამომავლო განვითარებას. ბულვარი მოიცავს როგორც ძველ ნაწილს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ასევე მოიცავს ახალ ბულვარს. ამიტომ ბულვარი უნდა იქნეს გააზრებული ერთ მთლიან ხედვაში, რომელიც შესაბამისად მიუდგება მის სხვადასხვა ნაწილს, მოახდენს მის ზონირებას“, - განაცხადა არქიტექტორმა, ურბანისტმა ირაკლი ჟვანიამ.
მისი თქმით, კანონის მოთხოვნის მიხედვით, მოხდება ძველი ბულვარის კონსერვაცია. ახალი ბულვარში კი მის გასაუმჯობესებლად ცვლილებები მოხდება.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმის ბულვარის განვითარებისთვის ეს ისტორიული დღეა.
„ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, ერთი წლის განმავლობაში მომზადდება ბულვარის განაშენიანების გეგმა. ეს იქნება მკაცრი დოკუმენტი, რომელიც გამორიცხავს თვითნებურ ჩარევებს და დაცული იქნება ამ ქალაქის მთავარი სიმდიდრე, სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის ბულვარი გონიომდე გაგრძელდება >>
ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა პარკია მსოფლიოში, რომელიც მიიჩნევა ყველაზე ძველ პარკად და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. დღეს ბულვარი პირობითად იყოფა „ახალ" და „ძველ" ბულვარად. მისი სიგრძეა რვა კილომეტრი და, სავარაუდოდ, მისი სიგრძე კიდევ გაიზრდება.
ბულვარის ტერიტორიაზე მრავალი გასართობი ობიექტია – ბუნგალოები, კაფე-ბარები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები, მოცეკვავე შადრევნები.