საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ ჩაკეტილია. ამ გზით საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულეებს შეუძლიათ.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 თებერვლიდან რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები მოხსნა. ამასთან, შეიცვალა უცხოელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები და პირობები.
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვთ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ.
როგორც ცნობილია, Johnson&Johnson-ის პრეპარატით სრული ვაქცინაციისთვის, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი აცრის ჩატარებაა აუცილებელი. დანარჩენი ვაქცინების შემთხვევაში კი ქვეყანაში შემომსვლელმა ნებისმიერმა პირმა უნდა წარმოადგინოს ვაქცინაციის სრული კურსის (2 აცრა) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ პირს ვაქცინაცია გავლილი არ აქვს, მაშინ მას რიგი მოთხოვნების შესრულება მოუწევს.
ევროკავშირისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო გზით შემოსვლას შეძლებენ უარყოფითი PCR–ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ჩამოსვლამდე 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. ჩამოსვლიდან მესამე დღეს ისინი ვალდებული არიან საკუთარი ხარჯით განმეორებითი ტესტი გაიკეთონ.
PCR–ტესტის პასუხით საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან:
– ევროკავშირის ქვეყნები
– თურქმენეთი
– უზბეკეთი
– ტაჯიკეთი
– ყირგიზეთი
– რუსეთი
– სომხეთი
– აზერბაიჯანი
– უკრაინა
– ყაზახეთი
– ბელარუსი
– შვეიცარია
– ნორვეგია
– ისრაელი
– აშშ
– დიდი ბრიტანეთი
– საუდის არაბეთი
– არაბთა გაერთიანებული საამიროები
– კატარი
– ბაჰრეინი
– თურქეთი
გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსულმა ყველა მოქალაქემ არაუგვიანეს 48 საათისა სპეციალური ფორმა უნდა შეავსოს, სადაც მიუთითებენ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორიას, საქართველოში დარჩენის ადგილს, საკონტაქტო ნომერს და სხვა ინფორმაციას.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, მათთვისაც მკაცრი წესები მოქმედებს.
თუ ისინი აეროპორტში ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებულ უარყოფით PCR-ტესტს წარმოადგენენ, მათ მოუწევთ მხოლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში დარჩენა, ან მესამე დღეს კიდევ ერთი PCR-ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯით.
ტესტის არქონის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან 8-დღიანი თვითიზოლაცია (კარანტინი სახელმწიფოს ხარჯზე).
პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდნენ დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, 12-დღიან კარანტინში გამწესდებიან.
საქართველოში შემოსვლის წესების ჩამონათვალი გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.