მედდის გარდაცვალების მიზეზი: ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

© photo: Sputnik / Gustavo Valiente  / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
27 წლის ექთანს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, წინასწარი ინფორმაციით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ახალციხეში აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
ტიკარაძე ექთნის გარდაცვალების მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ისაუბრებს

27 წლის მედდა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას ვაქცინაცია ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. ოჯახი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ჩართვას ითხოვს. ადვოკატებმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.

ოჯახის ადვოკატის ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს უშუალოდ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შუალედური დასკვნის შემდეგ დაზარალებული მხარე საქმეში ალტერნატიული ექსპერტების ჩართვას გეგმავს.

„ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა № IV-100/ა – მცდარად არის შედგენილი. 12:30 საათი, რომელიც არის მეგის ვაქცინის გაკეთების დროდ მითითებული, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან რეალურად მეგიმ ვაქცინა 12:13-ზე გაიკეთა. შესაბამისად, გამოდის, რომ რეანიმატოლოგის რეაგირება დაგვიანებით, მეგის ცუდად გახდომიდან 32 წუთში მოხდა. შესაძლოა, ფატალური შედეგის დადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყოს“, – განაცხადა ბარამაშვილმა.

სავარაუდოდ, ასევე დღეს გახდება ცნობილი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნა, რომელიც დაადგენს, კლინიკაში პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა თუ არა ადგილი. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
პრეზიდენტი გარდაცვლილ მედდაზე: იგი ამ ბრძოლის გმირად დარჩება

როგორც ადრე სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განაცხადა, ახალციხეში „იმედის“ კლინიკა სტანდარტებით არსებულ მოთხოვნებს შეესაბამება და პაციენტის დამძიმების დროს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოქმედება განხორციელდა. მისი თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სააგენტო მოკვლევას ორი მიმართულებით ახორციელებს. კერძოდ, რამდენად ჰქონდა კლინიკას ვაქცინაციის ჩასატარებლად შესაბამისი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა, ასევე რამდენად დროული იყო მისთვის გაწეული დახმარება.

რამდენიმე დღის წინ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოთხოვილი სამედიცინო მონაცემების მიხედვით, 27 წლის ექთანს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. თუმცა, კორონავირუსზე ჩატარებული PCR–ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. 18 მარტს მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0